"ვიმედოვნებთ, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შეფერხებებისა გარეშე გაგრძელდება"
01/08/2022 08:25:38 მსოფლიო
თურქეთი იმედოვნებს, რომ შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შეფერხებებისა და პრობლემების გარეშე გაგრძელდება . ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ სოციალურ ქსელში წერს.
„შავ ზღვაზე უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის ფარგლებში, უკრაინის პირველი გემი გაემგზავრა. ჩვენ ვიმედოვნებთ, ეს პროცესი გაგრძელდება შეფერხებებისა და პრობლემების გარეშე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ამისთვის. ვიმედოვნებთ, შეთანხმება შედეგად გამოიღებს ცეცხლის შეწყვეტასა და ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
26 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთილმა პირველმა გემმა ოდესის პორტი დატოვა, – იუწყება BBC.
მისი ცნობით, სიერა- ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“ ლიბანის მიმართულებით გაემგზავრა.
ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვა.
„პორტების განბლოკვა ეკონომიკისთვის მინიმუმ, 1 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალია და სოფლის მეურნეობის სექტორს მომავალი წლის დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს", – განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა.
22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვის გავლით უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან გააკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაში დაბლოკა ოდესის, ნიკოლაევის და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. უკრაინიდან ვეღარ ხერხდებოდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი, რაც განსაკუთრებით აზარალებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს.


