NATO-ს ძალები (KFOR) კოსოვოში კონფლიქტში ჩარევას არ გამორიცხავენ
01/08/2022 05:49:16 მსოფლიო
NATO-ს ძალები (KFOR) კოსოვოში აცხადებენ, რომ სტაბილურობისთვის საფრთხის შემთხვევაში მზად არიან კონფლიქტში ჩაერიონ. ამის შესახებ KFOR–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
''საერთო უსაფრთხოების ვითარება კოსოვოს ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებში დაძაბულია. NATO-ს ხელმძღვანელობით KFOR-ის მისია ყურადღებით აკვირდება და მზად არის, ჩაერიოს სტაბილურობის საფრთხის შემთხვევაში, მისი მანდატის შესაბამისად, რომელიც გამომდინარეობს გაერო–ს უშიშროების საბჭოს 1999 წლის 1244 რეზოლუციიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: კოსოვო-სერბეთის საზღვარზე დაძაბულობაა. კოსოვოში მცხოვრები სერბების უკმაყოფილება კოსოვოს ხელისუფლების ორმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. პირველი სერბეთის სანომრე ნიშნებს, ხოლო მეორე პირადობის მოწმობებს უკავშირდება.
კერძოდ, კოსოვოს მთავრობამ განაცხადა, რომ სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს და რომელიც სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.
ამასთან, 1 აგვისტოდან ძალაში შედის წესი, რომელიც სანომრე ნიშნებს ეხება.
ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბები იყენებდნენ მანქანების სანომრე ნიშნებს, რომლებიც 1999 ომის შემდეგ სერბეთის ინსტიტუციების მიერ იყო გაცემული, და კოსოვოს ქალაქების სახელებს აღრიცხავდა შემოკლებებით - მაგალითად, KM (კოსოვსკა მიტროვიცა), PR (პრიშტინა), ან UR (უროშევაცი).
კოსოვოს მთავრობა ამ ნომრებს უკანონოდ მიიჩნევს, თუმცა მათ გამოყენებას ნებას რთავდა ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, სადაც უმრავლესობას სერბები შეადგენენ.
ახლა კოსოვო მოითხოვს ეს სანომრე ნიშნები შეიცვალოს კოსოვოს მიერ გაცემული ნომრებით, რომლებზეც დატანილი იქნება ასოები "RKS", კოსოვოს რესპუბლიკის შემოკლებულ ფორმად. მძღოლებს ცვლილებისთვის სექტემბრამდე მოუწევთ ლოდინი.


