უკრაინა– ხერსონის ოლქში რუსული ეშელონი დავბომბეთ
01/08/2022 05:46:49 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ ხერსონის ოლქში რუსეთის სამხედრო ძალების სარკინიგზო ეშელონი დაბომბეს.
ოპერატიული სარდლობის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში განადგურებულია 52 რუსი სამხედრო, 4 ტანკი, 2 საარტილერიო დანადგარი და 8 ერთეული საავტომობილო და ჯავშანტექნიკა.
რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები ხერსონის ოლქს მარტიდან აკონტროლებენ. მათ პოზიციებზე კონტრშეტევა უკრაინის არმიამ ივლისში მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-სგან სარაკეტო სისტემები (HIMARS) მიიღო.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 ივლისს უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთიდან სამხედრო ძალების ნაწილს აგზავნის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში და იქ პოზიციების გამყარებას ცდილობს. ზელენსკის თქმით, "ეს რუსეთს ვერ უშველის, რადგან უკრაინის არმია მზად არის უპასუხოს ოკუპანტების ნებისმიერ ახალ აქტივობას".


