სევასტოპოლში რუსეთის ფლოტის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაუქმდა
31/07/2022 13:00:11 მსოფლიო
ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის ფლოტის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაუქმდა.
"რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე დრონით იქნა იერიში მიტანილი. ინციდენტის შედეგად დაიჭრა შტაბ-ბინის ექვსი თანამშრომელი", - აცხადებს სევასტოპოლში კრემლის მიერ დანიშნული დე ფაქტო გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი.
იგი გამოთქვამს ეჭვს, რომ თავდასხმისას გამოყენებული დრონი უკრაინის არმიას ეკუთვნის.
უკრაინის ოდესის სამხედრო დანაყოფის პრეს–მდივანი სერჰი ბრაჩუკი უარყოფს ცნობას, რომ ინციდენტი უკრაინის მოწყობილი იყო და ბრალდებას "სრულ პროვოკაციას" უწოდებს.
სევასტოპოლი ყირიმის უდიდესი ქალაქი და ნახევარკუნძულის მნიშვნელოვანი პორტია, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტია განთავსებული. დანარჩენ ნახევარკუნძულთან ერთად, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, სევასტოპოლი საერთაშორისო საზოგადოების მიერ უკრაინის ნაწილადაა აღიარებული.


