Accentnews.ge
აშშ "პუტინის მზარეულ" პრიგოჟინის შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს

აშშ "პუტინის მზარეულ" პრიგოჟინის შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს

29/07/2022 06:52:34 მსოფლიო

აშშ 10 მილიონ დოლარამდე ოდენობის ჯილდოს აწესებს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ ინფორმაციისთვის.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ–საიტზე დაკონკრეტებულია, რომ აშშ ეძებს ინფორმაციას კრემლთან მჭიდრო კავშირების მქონე რუს ბიზნესმენ, "პუტინის მზარეულის" მეტსახელით ცნობილ ევგენი პრიგოჟინსა და ინტერნეტ-კვლევების სააგენტოზე.

„ტროლების ფაბრიკად“ წოდებულ სააგენტოს, რომლის დამფინანსებლად პრიგოჟინია მიჩნეული, 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებულია კიდევ 10-ზე მეტი პირი, რომლებიც სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ „ტროლების ფაბრიკის“ საქმიანობაში.

სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, "დადგინდა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩაერია, რაც მიზნად ისხავდა ამერიკულ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას და დემოკრატიის საფუძვლების შერყევას".

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა დაამარცხა დემოკრატი ჰილარი კლინტონი. გამოძიებას არ დაუდგენია რუსეთთან ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელთა უშუალო კავშირები. საქმის გამოძიების ფარგლებში აშშ-ში ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს რამდენიმე პირს, მათ შორის ევგენი პრიგოჟინს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S