რაზე ამყარებდა იმედს პუტინი უკრაინაში შეჭრისას – Reuters-ის გამოძიება
28/07/2022 19:48:46 მსოფლიო
Reuters-ის გამოძიების მიხედვით, კრემლმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო თავისი საიდუმლო აგენტების ქსელის შექმნა უკრაინაში, რომელსაც დიდი წვლილი უნდა შეეტანა სამხედრო ინტრვენციის წარმატებაში.
Reuters-ის წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს იმაზე ჰქონდა გათვლა, რომ ინტერვენციის დაწყებისთანავე კრემლის მიერ შექმნილი აგენტების ქსელი ხელს შეუწყობდა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უკრაინიდან გაქცევას, მიაღწევდა მის მიერ ძალაუფლების დათმობას ან კაპიტულაციას. წყაროების ცნობით, მარიონეტულ მთავრობას სათავეში უნდა ჩასდგომოდა უკრაინის ვერხოვნა რადას ყოფილი პრორუსი დეპუტატი, ოლეგ ცარევი, რომელიც რუსეთში 2014 წლიდან ცხოვრობს. მან მხარი დაუჭირა რუსეთის შეჭრას, მაგრამ ამის შემდეგ საოკუპაციო ადმინისტრაციებში არც ერთი პოსტი არ დაუკავებია.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის აგენტების ქსელი უფრო ღრმა და ვრცელი იყო, ვიდრე მანამდე ეგონათ. როგორც უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რუსეთს სამხედრო და დაზვერვის ოფიცრებს შორის აგენტები ჰყავდა ჩანერგილი. როგორც აღინიშნა, სწორედ რუსი აგენტების ქმედებების შედეგი იყო ომის პირველ დღეებში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ჩაბარება ბრძოლის გარეშე. ატომური ობიექტის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვალენტინ ტვიტერი, ისევე როგორც უკრაინის სპეცსამსახურების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, სახელმწიფო ღალატში არიან ეჭვმიტანილი. რუს სამხედროებს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დატოვება აპრილის დასაწყისში, კიევიდან უკან დახევის შემდეგ მოუწიათ.
კრემლის ნაწილობრივ წარმატებას წყაროები იმ ფაქტს უწოდებენ, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური იძულებულია, ბევრი დრო დაუთმოს, მათ შორის, საკუთარ რიგებში რუსეთის აგენტების ძიებას. სწორედ ისეთ თანამშრომელთა დიდი რაოდენობა, რომლებიც რუსეთზე მუშაობაში იყვნენ ეჭვმიტანილი, იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის, ივან ბაკანოვის გადადგომა განაპირობა.


