სიტუაცია უფრო თურქეთის სასარგებლოდაა, მდგომარეობა უნდა დავაბალანსოთ – ჩავუშოღლუ საქართველოთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრობს

28-07-2022 18:41:44 ეკონომიკა ,საგარეო პოლიტიკა

საქართველო–თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა შესაძლოა, გაფართოვდეს,– ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით ვითარება უფრო თურქეთის სასარგებლოდ არის და მდგომარეობა უნდა დაბალანსდეს იმგვარად, ის საქართველოსთვისაც მაქსიმალურად სარგებლიანი იყოს:

„ჩვენ უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქარველო-თურქეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს. მოგეხსნებათ, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ მასშტაბური და შთამბეჭდავია. მან გასულ წელს ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, თუმცა ჩვენი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნების ლიდერებმა მიზნად დაისახეს, რომ წელს და უახლოეს მომავალში სავაჭრო ბრუნვამ გადააჭარბოს სამ მილიარდ დოლარს. ვფიქრობ, ამ მხრივ უნდა გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა და მუშაობა.

ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია ის მექანიზმები, რომლებიც არსებობს ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლების კუთხით, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი ვაჭრობის მექანიზმი. ვფიქრობთ, რომ თავისუფალი ვაჭრობის მექანიზმი უფრო უნდა გააქტიურდეს და გარკვეული ცვლილებები შესაძლოა, იქნას შეტანილი, რათა გაიზარდის მისი სარგებლიანობა და ორი ქვეყნის ინტერესებისთვის მოხდეს უკეთესი შედეგების მიღწევა. ამ თვალსაზრისით უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, ჩავატაროთ შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა. რასაკვირველია, როდესაც ვსაუბროთ სავაჭრო ტვირთბრუნვაზე, თუ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ეკონომიკური ურთიერთობები ორმხრივად სასარგებლო იყოს ორივე ქვეყნისთვის. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობთ, რომ თურქეთის სასარგებლოდ არის ამ მომენტისთვის უფრო სიტუაცია, მდგომარეობა და ვფიქრობთ, უნდა დავაბალანსოთ იმგვარად, რომ საქართველოსთვისაც მაქსიმალურად სარგებლიანი იყოს აღნიშნული ურთიერთობები. შესაბამისად, ვაპირებთ, რომ ამ მხრივ გავააქტიუროთ მუშაობა“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მორიგი ნიშნული ვაჭრობის კუთხით განსაზღვრულია 3 მილიარდი დოლარის ოდენობით.

მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო და თურქეთი ამ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევენ, რის შედეგადაც განისაზღვრება ახალი ნიშნული, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას:

„ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროები, ისე სხვა სახელმწიფო უწყებები, ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ წლის განმავლობაში ერთმანეთთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაადვილოთ ვაჭრობა და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ყველა არსებული ტექნიკური ბარიერი, რომელიც ამ ეტაპზე აფერხებს ამ პროცესს“.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საინვესტიციო გარემოს განვითარების მნიშვნელობაზეც:

„ინვესტიციების კუთხით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჩვენი, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა მათ უფრო ადვილად შეძლონ ნავიგაცია ამ პროცესში და ერთის მხრივ თურქეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს საქართველოს საინვესტიციო ბაზარი, და პირიქით, ქართველი ბიზნესმენები დაინტერესდნენ თურქეთის საინვესტიციო ბაზრით. შესაბამისად, ამ მხრივაც და სამართლებრივი დაახლოების კუთხითაც ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები