ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა
28/07/2022 12:09:56 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაცით, ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა.
"აღნიშნული გადაწყვეტილება ქართულ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე წვდომის მეტ შესაძლებლობას აძლევს, რათა თანაბარ პირობებში სხვა კომპანიებს ჯეროვანი კონკურენცია გაუწიოს ცენტრალური ხელისწუფლებისთვის გამართული შესყიდვების პროცესში. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა და ეტაპი საქართველო-ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში და ამასთან, წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სრულად განხორციელებისთვის", – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოცხადებული ტენდერების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ Tenders Electronic Daily-ზე (TED) ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული საჯარო ტენდერების სრული ჩამონათვალი და მიმდინარე ტენდერები იხილონ.
TED ყოველდღიურად ელექტრონულ ფორმატში აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა სექტორებში გამოცხადებული 1 000-ზე მეტი ტენდერის შესახებ. გადაწყვეტილება ასევე შეეხება ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებსაც სრული წვდომა აქვთ საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებისთვის გამოცხადებულ ტენდერებზე.


