მედია – ბაიდენის ადმინისტრაციის მონაცემებით, უკრაინაში დაჭრილი და დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა 75 000–ს აჭარბებს
28/07/2022 05:45:23 მსოფლიო
ბაიდენის ადმინისტრაციის მონაცემებით, უკრაინაში დაჭრილი და დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა 75 000–ს აჭარბებს, – იუწყება THe New York Times.
მისი ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა დახურულ შეხვედრაზე მიიღეს.
"რუსეთის სახმელეთო ჯარების 80%-ს ძალა გამოცლილი აქვს, მაგრამ ისინი მაინც რუსი სამხედროები არიან", – აცხადებს შეიარაღების საკითხთა კომიტეტის დემოკრატი წევრი ელისა სლოტკინი.
სლოტკინის ინფორმაციით, დახურულ შეხვედრაზე საუბარი იყო უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების სწრაფად გაწევის საკითხზეც.
"დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც მხარს უჭერენ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების (ATACMS) გადაცემას", – დასძინა მან.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ უკრაინაში 15 000-მდე რუსი სამხედროა დაღუპული, დაჭრილთა რაოდენობა კი, დაახლოებით 45 000–ია. ბერნსის თქმით, შედარებით ნაკლები, თუმცა მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს უკრაინასაც.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ, მარტის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულია 1351 რუსი სამხედრო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ 27 ივლისს განახლებული მონაცემებით, რუსეთის არმიამ 40 070 სამხედრო დაკარგა. კიევი ოფიციალურად არ ავრცელებს ცნობებს ომში დაღუპული და დაჭრილი უკრაინელი სამხედროების რაოდენობის შესახებ.


