რუსეთმა თალიბებს იმპორტზე გადასახადები გაუუქმა
27/07/2022 15:21:51 მსოფლიო
რუსეთის მთავრობამ ავღანეთიდან იმპორტზე გადასახადები გაანულა და მზადყოფნა გამოთქვა, ხორბალსა და ნავთობპროდუქტებზე თალიბების მოთხოვნა დააკმაყოფლოს. შესაბამისი განცხადება დღეს ავღანეთის საკითხებში პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა ზამირ ქაბულოვმა გააკეთა.
მისი თქით, თალიბებმა უკვე წარუდგინეს მოსკოვს იმ საქონლის სია, რომელიც "უპირველესად" ესაჭიროებათ და რუსეთი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.
ცნობისთვის: პეტერბურგის ამასწინანდელ "საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე" ავღანეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის მოადგილემ მოჰამადდიუსინ ჰოსეინმა განაცხადა, რომ თალიბებს რუსეთისგან 2 მლნ ტონა ხორბლისა და 5 ათასი ტონა ნავთობის შეძენა სურთ სამომავლოდ 10 ათას ტონამდე გაზრდის პერსპექტივით. თავის მხრივ, ქაბული მოსკოვს ბოსტნეულის, ხილის, მინერალებისა და ჩირის იმპორტს სთავაზობს.
შედარებისთვის: 2020 წელს ქაბულმა რუსეთიდან 113 ათასი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა.
- თალიბები ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წლის აგვისტოში დაბრუნდნენ. ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ განი მაშინ ქვეყნიდან გაიქცა.
- რუსეთი, სხვა ქვეყნების მსგავსად, თალიბების მთავრობას ჯერ არ აღიარებდა. თუმცა მიმდინარე წლის მარტის ბოლოს საგარეო უწყებამ მათ დიპლომატზე აკრედიტაცია გასცა, ავღანეთში რუსეთის ელჩმა დიმიტრი ჟირნოვმა კი თალიბებს "ადექვატური ბიჭები" უწოდა.
- ამ ყველაფრის ფონზე თალიბები რუსეთში კვლავინდებურად ტერორისტებად ითვლებიან და მათი ორგანიზაცია - "თალიბანი" ამ დრომდე აკრძალულია.


