
UNHCR საქართველოში უკრაინელ ლტოლვილებს 235 ლარით 2 თვის განმავლობაში დაეხმარება
27/07/2022 10:12:45 საზოგადოება
საქართველოს მთავრობის თხოვნით გაერო–ს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) უკრაინიდან ლტოლვილებს სამთავრობო პროგრამასთან ერთად სულზე 235 ლარით ორი თვის განმავლობაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას UNHCR ავრცელებს.
მისი განცხადებით, დახმარება გაიცემა საერთაშორისო მოწყვლადობის კრიტერიუმების (მარტოხელა დედებისთვის, ხანდაზმულებისთვის, შშმ პირებისთვის და სხვა) მიხედვით, რომლებსაც გაეროს ლტოლვილთა სააგენტო თავშესაფრის მაძიებლებისთვის იყენებს.
პროგრამა საქართველოს მთავრობის დახმარების პაკეტთან ერთად 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
ერთ სულზე 235 ლარის ფულადი დახმარება დაემატება საქართველოს მთავრობის დახმარების პაკეტს, რომელიც მოიცავს თვიურად, ოჯახზე 300-ლარიან და ერთ სულზე 45-ლარიან დახმარებას.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეს პროგრამა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჩაანაცვლებს უკრაინელი ლტოლვილების სასტუმროში განთავსების პროგრამას, რომელიც 31 ივლისს სრულდება.