Accentnews.ge
"შსს–ს შეფასებით,  რუსეთის საპატიმროებში ვითარება გაუმჯობესებულია" – ბანდიუკოვის საქმე

"შსს–ს შეფასებით,  რუსეთის საპატიმროებში ვითარება გაუმჯობესებულია" – ბანდიუკოვის საქმე

26/07/2022 16:32:57 საზოგადოება

რუსეთიდან პუტინის რეჟიმს გამოქცეულ ალექსანდრე ბანდიუკოვს, რომელიც 2018 წლიდან თავს საქართველოს აფარებს, ისევ რუსეთში ექსტრადირება ელის.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრმა”(სსც) ბანდიუკოვის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს კვლავ მიმართა. ორგანიზაცია ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი გადაწყვეტილება, რომლითაც შსს მიგრაციის დეპარტამენტმა ბანდიუკოვს უარი უთხრა საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის გაგრძელებაზე.

იხილეთ ასევე: "ვფიქრობ, სიკვდილი მელოდება, გთხოვთ, რუსეთში ექსტრადირებისგან დამიცავით"

ბანდიუკოვის საქმე

ბანდიუკოვი რუსეთში, იუჟნო-სახალინსკის მერიაში სამომხმარებლო ვაჭრობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას ედავებიან 450 ათასი რუბლის ქრთამის აღებას.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრში” აცხადებენ, რომ ბანდიუკოვს პუტინის მიმართ კრიტიკული პოზიციები აქვს, არ ემორჩილებოდა ადგილობრივ კორუფციულ გეგმებს და “2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც მოსკოვში საქართველოს მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდა”.

ბანდიუკოვი უკანონოდ მიიჩნევს მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას. როგორც თავად, ისე მისი მეუღლე, ამბობენ, რომ რუსეთში დაწყებული გამოძიების პროცესში პოლიციის მხრიდან ცემისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნიც გახდნენ.

2020 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ალექსანდრ ბანდიუკოვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო შსს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა.

სსც-ს ცნობით, 1 წლის გასვლის შემდგომ, 2021 წელს, მიგრაციის დეპარტამენტმა ბანდიუკოვს ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე დაუსაბუთებელი უარი უთხრა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბანდიუკოვმა მიგრაციის დეპარტამენტს წარუდგინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ექსპერტიზის დასკვნა, დეპარტამენტმა სტატუსის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

“მიმდინარე წელს ა. ბანდიუკოვმა კვლავ მიმართა შსს მიგრაციის დეპარტამენტს და წარუდგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის დეპარტამენტისთვის წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და სხვა სამედიცინო დოკუმენტები აშკარად მიუთითებს, რომ 2021 წლის შემდგომ ა. ბანდიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ცალკეულ ნაწილში გაუარესებულიცაა, მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და ა. ბანდიუკოვს უარი უთხრა საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე”, — წერს ორგანიზაცია.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ინფორმაციით, თავდაპირველად დეპარტამენტმა, ექსპერტიზიის დასკვნის მიუხედავად, ბანდიუკოვს მოსთხოვა ახალი, განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში.

“…დეპარტამენტმა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროების მიზეზი, ხოლო მას შემდეგ, რაც ა. ბანდიუკოვმა მიგრაციის დეპარტამენტს განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროების დასაბუთება მოსთხოვა, დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ მიიღო ალექსანდრ ბანდიუკოვისთვის ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება”, — აღნიშნავს ორგანიზაცია.

თბილისის პოზიცია

სსც-ის ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტი უარის საფუძვლად რამდენიმე გარემოებას ასახელებს. კერძოდ, დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ბანდიუკოვის მიერ წარდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არარელევანტურია და ვერ ასახავს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ამასთან, როგორც სსც აღნიშნავს, “დეპარტამენტის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის საპატიმრო დაწესებულებებში არსებული ვითარება გაუმჯობესებულია და ა. ბანდიუკოვისთვის ზიანის მიყენების საფუძველი არ არსებობს”:

“დეპარტამენტმა… გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციიდან წარმოდგენილია დიპლომატიური გარანტიები, რომლითაც დასტურდება, რომ ა. ბანდიუკივის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”.

ორგანიზაციისთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნევს დეპარტამენტი ზემოხსენებულ დასკვნას არარელევანტურად მაშინ, როცა 2020 და 2021 წელს სწორედ ამავე ექსპერტიზის ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნის საფუძველზე მიიღო ბანდიუკოვმა ჰუმანიტარული სტატუსი. ასევე გაუგებარია, რის საფუძველზე მიიჩნევს დეპარტამენტი, რომ რუსეთის ციხეებში პატიმრების მოპყრობის კუთხით ვითარება გაუმჯობესდა:

“…არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია უთითებს რუსეთის ფედერაციაში პატიმართა წამებისა და ჯანმრთელობის უფლების დარღვევის არაერთი ფაქტის შესახებ, მათ შორის, უახლოეს პერიოდში.

ცხადია, მხედველობაშია მისაღები საერთო პოლიტიკური კონტექსტიც. რუსეთში უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის გამო პოლიტიკური და უფლებრივი კლიმატი კიდევ უფრო გაუარესებულია და ის კიდევ უფრო რეპრესიული და ავტორიტარული გახდა…”

“სოციალური სამართლიანობის ცენტრს” არ ესმის, როგორ შეიძლება საქართველომ დაუშვას სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობა რუსეთთან, რომელიც “უკვე წლებია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ საერთაშორისო დანაშაულებს სჩადის”.

“სამწუხაროდ, ბოლო წლებში ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ეს მანკიერი პრაქტიკა ნორმალიზდა. შეგახსენებთ, რომ 2013-2019 წლებში რუსეთის ფედერაციის მიერ მთლიანობაში 23 ადამიანის ექსტრადიციის მოთხოვნა იყო წარდგენილი და მათგან 14 შემთხვევაში ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

იხილეთ ასევე: თავშესაფრის ძიებაში: რამდენად უსაფრთხოა საქართველო დისიდენტებისთვის?

ანუ რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობების ნახევარზე მეტი საქართველოს ხელისუფლებამ დააკმაყოფილა, რაც ძალიან მაღალი მონაცემია. სამწუხაროდ, განახლებულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად აღარ გასცემს”, – წერს ორგანიზაცია.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მიჩნევს, რომ შსს მიგრაციის დეპარტამენტის უარი ალექსანდრ ბანდიუკოვისთვის ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარი თქმის შესახებ დაუსაბუთებელი და თვითნებურია და:

  • იმედს გამოთქვამს, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის აკრძალვის უფლების იმპერატიული შინაარსის და განსაკუთრებული სტატუსის (jus cogens) გათვალისწინებით, სასამართლო სწორად შეაფასებს არსებულ გარემოებებს და უზრუნველყოფს ალექსანდრ ბანდიუკოვის დარღვეული უფლებების აღდგენას.
  • მოუწოდებს შსს მიგრაციის დეპარტამენტს, გამოიყენონ კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლება, უზრუნველყონ ა. ბანდიუკოვის მიმართ ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელების საკითხის ხელახალი განხილვა და მიიღონ ადამიანის უფლებებთან შესაბამისი გადაწყვეტილება.
  • მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, როგორც ადამიანის უფლებების პოლიტიკაზე ზედამხედველ კონსტიტუციურ ორგანოს, რადიკალურად გადახედოს რუსეთის ფედერაციასთან სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკას და სრულად შეაჩეროს ექსტრადიციის პრაქტიკა ამ ქვეყანაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S