საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა აშშ-ში კიბერდანაშაულთან ბრძოლის თემაზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს
26/07/2022 14:53:51 პოლიტიკა, რეკლამა
ამერიკის საელჩოს სამართლებრივი მრჩევლის პროგრამის მხარდაჭერით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ალექსანდრე მუყასაშვილი, პროკურორი ზინიკო ქობალია და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი გიორგი მეტრეველი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც ქალაქ დენვერში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონფერენციაზე, რომლის მიზანსაც კიბერდანაშაულთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა, ამერიკის სხვადასხვა შტატიდან მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს კიბერდანაშაულთან და მუდმივად მზარდი რაოდენობის ციფრულ მტკიცებულებებთან მუშაობის შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.
„კონფერენციის შემდგომ, ქართული დელეგაცია შეხვდა ამერიკის ფედერალური პროკურატურის დენვერის ოფისის წარმომადგენლებს, შტატის პროკურატურის ოფისს ქ. დენვერში და მის ხელმძღვანელს ბეთ მაქკენს; ამავე პროკურატურის კიბერდანაშაულთან ბროლის სამმართველოს, დენვერის პოლიციის დეპარტამენტს; ქ. ბოლდერის შერიფის დეპარტამენტს; ქ. ბოლდერის პროკურატურას და მის ხელმძღვანელს მაიკლ დოგერთის. შეხვედრებზე განხილული იყო საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახლად შექმნილი კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსთვის ციფრული პროგრამები და საუკეთესო პრაქტიკა”,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


