ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ზამთარში გაზის მოხმარების 15%-ით ნებაყოფლობით შემცირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
26/07/2022 13:09:34 მსოფლიო
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ზამთარში ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით ნებაყოფლობით შემცირების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.
ევროპული საბჭოს ცნობით, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაზის მოთხოვნა 15%-ით შეამცირონ გასული ხუთი წლის საშუალო მოხმარებასთან შედარებით, 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე.
ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს „სამოკავშირეო განგაშის“ გამოცხადების შესაძლებლობას მიწოდების სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში მოხმარების შეზღუდვა სავალდებულო გახდება.
„გაზზე მოთხოვნის შემცირების მიზანია დაზოგვა ზამთრის წინა პერიოდში, რათა მოვემზადოთ რუსეთიდან გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის, რასაც ის მუდმივად იყენებს, როგორც იარაღს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპული საბჭოს ინფორმაციით გაზის მოხმარების შესამცირებლად სახელმწიფოები შესაბამის ზომებს ინდივიდუალურად მიიღებენ.


