ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა
26/07/2022 12:03:33 მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა. ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღფუდვები 6 თვით გახანგრძლივდა.
„ევროპის კავშირის საბჭომ დღეს გადაწყვიტა 6 თვით, 2023 წლის 31 იანვრამდე გაეხანგრძლივებინა შემზღუდველი ზომები, რომლებიც მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ“,- ნათქვამია ევროპის კავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


