"დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ"
26/07/2022 07:13:29 მსოფლიო
Institute for the Study of War-ის (ISW) ანგარიშის მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადებიან.
ISW-is ანალიტიკოსების ცნობით, საოკუპაციო ხელისუფლება აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან ანექსიის პირობების შექმნას და მათზე ადმინისტრაციული კონტროლის გაფართოებას.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსულმა ძალებმა დაიწყეს მედიკოსების ფარული მობილიზება მთელ რუსეთში, რათა დაეხმარონ მზარდი რაოდენობის დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებს: სპეციალურად ახდენენ ქირურგიული პერსონალის მობილიზებას და აპირებენ სხვა სამედიცინო პერსონალის გაგზავნას ფრონტზე და დონბასის ოკუპირებულ ქალაქებში სამუშაოდ. რუსულმა ძალებმა ასევე დააარსეს მობილური სამედიცინო კლინიკები დონეცკის ოლქის ოკუპირებულ დასახლებებში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, აიძულებენ მოსახლეობას სისხლის დონაცია რუსეთის ჯარებისთვის.
ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ძალებმა ბახმუტის სამხრეთით გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ წინსვლის ეფექტურად გამოყენება შეძლონ და ქალაქზე სრული კონტროლი დაამყარონ. რუსეთის ჯარებმა ასევე განახორციელეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები ხარკოვის ჩრდილოეთით, სევერსკისა და ბახმუტის აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით.
გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი პასპორტების მფლობელთა ფონდის გაფართოებას ცდილობს. რუსეთის პრეზიდენტმა 25 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქებში რუსული პასპორტის აღების პროცედურას გაამარტივებს. ე. წ "მასობრივი პასპორტიზაციის“ განახლებული კამპანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს. საოკუპაციო ხელისუფლებამ შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს საშუალება გამოიყენოს, რადგან რუსული პასპორტის მქონე ადამიანები იძულებით სამხედრო სამსახურს დაექვემდებარებიან.
დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.


