
რას გვიქადის ტაძრების მშენებლობა რუსული ფულით?
25/07/2022 12:29:42 საზოგადოება
რუსი იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქსელური ომის თეორიის მიხედვით, რუსულ ჰიბრიდულ ომში რელიგია მასებზე ზეგავლენის მოხდენის ერთ-ერთ საშუალებადაა მიჩნეული. ათწლეულებია, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი ამ ტიპის ომს აწარმოებს.
საქართველოს საპატრიარქო დაფინანსებას სხვადასხვა გზით იღებს. მაგალითად, საქართველოს ბიუჯეტიდან საპატრიარქოს, ყოველწლიურად, 30 მილიონამდე ლარი ერიცხება. ამას ემატება პირადი შეწირულობები და საჩუქრები როგორც მთავრობისგან, ისე კერძო პირებისგან. კერძო პირებში კი არიან ისინიც, ვინც რუსეთში ნაშოვნ ფულს სასულიერო პირებს წირავენ, აშენებენ ეკლესიებს და აფინანსებენ მათ საჭიროებებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსული ფულის ეკლესიაში შემოდინება ხალხში რუსეთის მიმართ კეთილგანწყობის მოპოვების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს. რუსული ფული კი ეკლესიაში ნამდვილად შემოდის ხან რუსეთში გამდიდრებული ქართველი ბიზნესმენების ხელით, ხან კი რუსი ეროვნების ბიზნესმენების ჯიბიდან.
ბიზნესმენებისა და ქართული ეკლესიის ურთიერთობების შესახებ ინფორმაციამ 2021 წლის სექტემბერში ანონიმური წყაროების მიერ გამოქვეყნებული სუს-ის ჩანაწერებიდან გაჟონა. სუს-ის მასალების ავთენტურობა დღემდე დადასტურებული არ არის. სწორედ ამიტომ “აი, ფაქტი” არ ეყრდნობა მხოლოდ ამ ფაილებს. გიყვებით იმ ამბებზე, რომელიც სამი თვის განმავლობაში ვიკვლიეთ, დოკუმენტურად ან რამდენიმე სხვადასხვა წყაროს მონათხრობით დავადასტურეთ.
საპატრიარქოს არ აქვს ინფორმაცია, თუ რამდენი ტაძარია ქვეყანაში და რა წარმომავლობის ფულით შენდება ისინი. გამომცემლობა “ინდიგომ” გასულ წელს კვლევა ჩაატარა, მკვლევრებმა სოფელ-სოფელ მოაგროვეს არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებ ინფორმაცია. საქართველოში სულ 3,400 ეკლესია-მონასტერია. მათგან 36% ანუ 1,250 ტაძარი 1990 წლის შემდეგ აშენდა. ბოლო 30 წელში აშენებულთაგან რამდენი დაფინანსდა რუსული კაპიტალით, რთული სათქმელია, რადგან ეს უფრო ვრცელი კვლევის საკითხია.
ამ მასალაში კი გიამბობთ რუსეთში გამდიდრებულ 18 ბიზნესმენზე, რომლებმაც საქართველოში 20 ტაძარი ააშენეს.
“წარმოიდგინეთ, ქადაგების დროს გიყვებით, რომ ამ ეკლესიის მშენებლობა დაფინანსდა რუსეთიდან. თქვენს თავში სადღაც ჩნდება აზრი, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოში მართლმადიდებლობის დაცვას. ეს არის მკაფიო ინვესტიციები იდეოლოგიაში, რომ საქართველოს მოქალაქეებში გაჩნდეს განცდა, რომ რუსეთი ხელს უწყობს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიის, იდენტობის გადარჩენას და ამაში ფულს არ ზოგავენ ისინი, ვინც ამ ფულს რუსეთში შოულობენ. ასეთი ბიზნესმენი ცოტა ხანში შეიძლება იქცეს ადამიანად, რომელმაც გთხოვოთ, არ დააფიქსიროთ პოზიცია, მაგალითად, რუსეთის უკრაინაში მოქმედებებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც გეტყვით, მოდი, ხომ არ სჯობს, რუსეთი აქო. მე ამდენი ფული დავხარჯე იმაში, რომ შენ კარგად იცხოვრო და ახლა შენც დამიჭირე მხარიო, ბუნებრივია, ეს საფრთხეა საქართველოს სახელმწიფოსთვის და თავად ეკლესიისთვისაც,” – ამბობს ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი.
მკვლევრები გვიხსნიან, რომ რუსეთში წარმატებული ბიზნესსაქმიანობა შეუძლებელია რუსეთის ხელისუფლებისგან “მწვანე შუქის” ანთების გარეშე. ამისთვის კი კონკრეტული ბიზნესმენები პოლიტიკური რეჟიმის ერთგულები უნდა იყვნენ, ეთანხმებოდნენ რუსულ პოლიტიკას და არ აფიქსირებდნენ მის საწინააღმდეგო აზრს.
“დიდწილად რუსეთში ფულის შოვნა, თან დიდი ფულის შოვნა ნიშნავს, რომ ეს ადამიანი დამოკიდებულია რუსეთის ხელისუფლებაზე. თავისი ანგარიშები და ვალდებულებები აქვს რუსეთთან. ამიტომ, ის რომ ჩამოდის და პოლიტიკური ამბიციები აქვს, კითხვის ნიშნები ჩნდება, ხომ არ მუშაობს რუსული ინტერესების სასარგებლოდ. საზოგადოებაში იმ განწყობების გავრცელება, რომ რუსი ბიზნესმენები აფინანსებენ ეკლესიას, ხოლო დასავლეთში მოღვაწეები აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ლგბტქ თემს თუ ქალებს იცავენ, კიდევ ერთხელ აღვივებს იმ მოსაზრებას, რომ დასავლეთი გვრყვნის, რუსეთი კი ჩვენი სულიერი გადამრჩენელია,” – ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მკვლევარი მეგი ქარცივაძე.
“პუტინისთვის წარმოუდგენელია არსებობდეს წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც მას არ ემორჩილება პირდაპირ თუ ირიბად. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ყველა გადარიცხვა კონტროლდება რუსეთის სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, ამ ადამიანებს აქვთ მხარდაჭერა რუსეთის სახელმწიფოსგან. დღეს რუსეთიდან საქართველოში წამოსული ფინანსები კონტროლს ექვემდებარება. ისინი თუ რაიმეს არ ებრძვიან, ესეიგი მომავალში ამ რაღაცის გამოყენებას აპირებენ. ტყუილად არ ხდება ასე სადღაც ფინანსების გაგზავნა, თუნდაც თქვენი კონკრეტული ფინანსების, რომელიც გგონიათ, რომ თქვენით იშოვეთ, ”- გვითხრა ჰიბრიდული ომის მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა.
საერთაშორისო ურთიერთობების და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარი მარიამ გამდლიშვილი გვიხსნის, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას გაცნობიერებული ჰქონდეს, რატომ არის საშიში რუსული კაპიტალის დაბანდება ეკლესიების საჭიროებებში და როგორ შეიძლება დააზიანოს ამან სახელმწიფო ინტერესი. ამის გასააზრებლად კი მაგალითი უკრაინისგან უნდა ავიღოთ, სადაც ომის შემდეგ გაუქმდა ყველაფერი, რაც რუსული წარმოშობის იყო.
უკრაინის ომამდე ჩვენ ამას ვერ ვიაზრებდით. ეკლესიაში რუსული კაპიტალის ჩადებას საფრთხედ ვერ აღვიქვამთ, მიუხედავად იმისა, რაც განვიცადეთ 2008-ში. უნდა გვახსოვდეს რუსული ჰიბრიდული ომის მიზანი, საბოლოოდ, ეს არის ბრძოლა ჩვენი გულებისთვის და ტვინებისთვის. რუსეთი ამას ყოველთვის გამოიყენებს და საკითხავია, ჩვენ რამდენად შევძლებთ თავის დაცვას. მგონია, რომ ამ ეტაპზე არც მედეგები ვართ და არც გააზრება შეგვიძლია, რომ ადრე თუ გვიან ეს პროცესები შეიძლება ჩვენზე გავლენის მოსახდენად გამოიყენონ,” – ამბობს მარიამ გამდლიშვილი.
რუსეთში დაგროვებული კაპიტალით აშენებული ეკლესიების შესახებ ინფორმაცია ჩვენ რუკაზე დავიტანეთ. თითოეული მათგანის ამბის სანახავად გადადით ბმულზე და დააჭირეთ რეგიონებში გაბნეულ ჯვრის სიმბოლოებს.
წყარო: ifact.ge.