Accentnews.ge
უკრაინელების აქცია პარლამენტთან: "გვინდა, რომ მხარდამჭერმა ქვეყნებმა რუსეთი ტერორისტ ქვეყანად აღიარონ"

უკრაინელების აქცია პარლამენტთან: "გვინდა, რომ მხარდამჭერმა ქვეყნებმა რუსეთი ტერორისტ ქვეყანად აღიარონ"

25/07/2022 04:37:46 საზოგადოება

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი თბილისში, პარლამენტის შენობასთან კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციაზე სახელწოდებით “რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა”, ბავშვების ფეხსაცმელები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატები მიიტანეს. აქცია საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელებმა გამართეს.

მათი თქმით, იმ ქვეყნებმა, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, რუსეთი ტერორისტად უნდა აღიარონ.

"ჩვენ გვინდა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც მხარს გვიჭერენ, აღიარონ, რომ რუსეთი არის ტერორისტი ქვეყანა. რუსეთი არ არის მხოლოდ ჩვენი მტერი, ის არის ყველა ქვეყნის მტერი, რომელიც მას ესაზღვრება. რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა ქვეყანა მშვიდობიანად, ამიტომაც გვჭირდება საქართველოს მხარდაჭერა, რომ ერთად გავიმარჯვოთ და დავასრულოთ მშვიდობიანად ეს სასტიკი ომი", - აცხადებს უკრაინული ორგანიზაცია "სვეტანოს" წევრი კატერინა კოზაკი.

დემონსტრაციის მონაწილეთა შორის იყვნენ უკრაინელი და ქართველი აქტივისტები, ასევე – პარტია “დროას” და “ახალგაზრდული ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S