რუსეთში სისხლის სამართლის საქმეები უკრაინის არმიასთან ერთად მებრძოლ ქართველებზეც აღძრეს
25/07/2022 06:33:27 მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ალექსანდრ ბასტრიკინის განცხადებით, რუსი გამომძიებლების მიერ დადგენილია 220-ზე მეტი სამხედრო პირი, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლები, რომლებსაც კავშირი აქვთ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში „მშვიდობის და კაცობრიობის უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან“.
ბასტრიკინის თქმით, ბრალი უკვე წაუყენეს 92 მეთაურს და მათ ქვეშევრდომებს და ძებნილად გამოცხადებულია 96 პირი, მათ შორის უკრაინის შეარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 51 მეთაური. მისი განცხადებით, უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის და „რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფების“ წარმომადგენელთა მიმართ, საერთო ჯამში, 1300-ზე მეტი საქმეა აღძრული.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, "უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ქმედებებისთვის“ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული „დაქირავებულთა“ წინააღმდეგაც.
ბასტრიკინის თქმით, ეს პირები საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის და ნიდერლანდის მოქალაქეები არიან. მათი კონკრეტული რაოდენობა და ვინაობა ბასტრიკინს არ დაუსახელებია.
რუსეთს უკრაინის ხსენებული რეგიონი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აქვს აღიარებული.


