რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დნესტრისპირეთის მიერთებაზე ალაპარაკდნენ
22/07/2022 14:03:48 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში განაცხადეს, რომ საჭიროა, სერიოზულად განიხილონ არაღიარებული დნესტრისპირეთის რუსეთთან გაერთიანების სურვილი.
"დღეს დნესტრისპირეთი მოლდოვის ის ანკლავია, რომელსაც არ სურს რუმინეთთან ყოფნა და იმავე დროს სიხარულით მიიღო თავისთან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი", - განუცხადა რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულ სააგენტო "რია-ნოვოსტის" სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა დიმიტრი ბელიკმა.
მანამდე არაღიარებული დნესტრისპირეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიტალი იგნატიევმა, რუსულ მედიასთან საუბარში ხაზია გაუსვა სეპარატისტული ანკლავის განზრახვას, მიაღწიოს დამოუკიდებლობას რუსეთთან მისი შემდგომი გაერთიანების მიზნით. კიშინიოვში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის რეინტეგრაცია წარმოადგენს ქვეყნის შიდა პოლიტიკის პრიორიტეტულ ამოცანას, რასაც მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა.
21 ივლისს მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა დნესტრისპირეთში დისლოცირებული ე.წ. ოპერატიული ჯგუფში (OGRV) მივლინებულ რუსი სამხედროებს, ვინაიდან კიშინიოვი დნესტრისპირეთში რუსეთის კონტინგენტის არსებობას უკანონოდ მიიჩნევს და მის გაყვანას მოითხოვს. ადრე რუს სამხედროებს შეეძლოთ უკრაინის სახმელეთო დერეფნის გავლით განეხორციელებინათ როტაცია, მაგრამ 2014 წლიდან მათ ასეთი შესაძლებლობა აღარ ჰქონიათ.
მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონი ადგილობრივმა სეპარატისტებმა "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" 1990 წელს გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. ამჟამად დნესტრისპირეთში იმყოფება 1400-მდე რუსი სამხედრო.


