გერმანიის ვიცე-კანცლერი „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ამოქმედებას რუსეთისთვის დანებების ტოლფასად მიიჩნევს
22/07/2022 10:04:01 მსოფლიო
გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი კრემლოს საამაყო პრეექტის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის ამოქმედებას რუსეთისთვის დანებების ტოლფასად მიიჩნევს.
"ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ექსპლუატაციაში გაშვება კატეგორიულად შეუძლებელია. არ შეიძლება კიდევ უფრო გავზარდოთ რუსულ გაზზე დამოკიდებულება. ეს იქნება "თეთრი დროშის" აღმართვა გერმანიასა და ევროპაში. ეს არ უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა გერმანიის ვიცე-კანცლერმა.
ჰაბეკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არაერთხელ გამოუყენებია გაზის მიწოდება გერმანიის და ევროპის გასაყოფად და ამიტომ, აუცილებელია რუსეთის ენერგორესურსების ალტერნატივის მოძებნა.
მანამდე, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ამოქმედების წინადადებით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც თქვა, რომ გაზსადენის ამოქმედება ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის პრობლემას მოაგვარებდა.
შეგახსენებთ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2"–ის პროექტი გერმანიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შეაჩერა.


