ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
22/07/2022 08:33:26 მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ორგანზაციამ სანქცირებულთა სიაში დამატებით 57 ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა.
სანქციები დაუწესდათ, მათ შორის პრემიერ–მინისტრის მოადგილეს ანდრე ბელოუსოვს, "როსტეხის" ხელმძღვანელს სერგეი ჩემეზოვს, მოსკოვის მერს სერგეი სობიანინს, მსახიობებს ვლადიმირ მაშკოვსა და სერგეი ბეზრუკოვს, ფონდ "რუსკი კლუბს", "სბერბანკსა" და მოძრაობა "იუნარმიას".
სანქციები მოიცავს ახალ აკრძალვებს რუსეთში წარმოებული ოქროს პირდაპირ თუ არაპირდაპირ შეძენაზე, იმპორტსა თუ გადატანაზე ევროკავშირის შიგნით ან მისი გავლით მესამე სამყაროს ქვეყნებამდე. აკრძალვები შეეხება სამკაულსაც.
პაკეტის ფარგლებში ასევე იზრდება იმ კონტროლირებული საგნების სია, რამაც შესაძლოა რუსეთს სამხედრო და ტექნოლოგიური უპირატესობა მიანიჭოს და მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის განვითარებას ხელი შეუწყოს. შესაბამისად, ევროკავშირი ამკაცრებს ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლს.


