Accentnews.ge
უკრაინა – რუსეთმა მაღალი სიზუსტის იარაღის რაოდენობის 60% უკვე გამოიყენა, სანქციების გამო კი მარაგების შევსება უჭირს

უკრაინა – რუსეთმა მაღალი სიზუსტის იარაღის რაოდენობის 60% უკვე გამოიყენა, სანქციების გამო კი მარაგების შევსება უჭირს

21/07/2022 15:27:00 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსეთმა მაღალი სიზუსტის იარაღის რაოდენობის 60% უკვე დახარჯა, სანქციების გამო კი მარაგების შევსება უჭირს.

"სამხედრო დაზვერვა აკონტროლებს რუსეთის მიერ გამოყენებული იარაღის მდგომარეობასა და რაოდენობას. როგორც თავად რუსები უწოდებენ, მაღალი სიზუსტის იარაღის – "ისკანდერების", "კალიბრის" ტიპის სისტემების, Kh-101–ის და Kh-555–ის ტიპის საკრუიზო რაკეტების, ომამდელი მარაგების დაახლოებით 60% რუსეთმა უკვე დახარჯა. ხსენებული ტიპის იარაღის გამოყენების ფაქტები ჩვენ უკვე დიდი ხანია, არ გვინახავს. რუსეთი ბოლო კვირების განმავლობაში გემსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებს იყენებს. დასავლეთის სანქციებმა გაურთულა რუსეთს, შეავსოს მოწინავე აღჭურვილობის მარაგები. ამ ტიპის შეიარაღების ბევრი კომპონენტი მზადდება საზღვარგარეთ. მაგრამ საერთაშორისო სანქციების გამო დაწესებული შეზღუდვები [რუსეთს] არ აძლევს საშუალებას, მარტივად მიიღოს ეს კომპონენტები", – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის დაზვერვის წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ.

რაც შეეხება საბჭოთა წარმოების იარაღს, მისი თქმით, რუსეთს ამ ტიპის შეიარაღების საკმაოდ დიდი მარაგი აქვს.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S