
ჰარცელი – "შტაინმაიერის ფორმულაზე": "ვნახოთ, როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია"
07/10/2019 05:39:39 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, მსოფლიო
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, „შტაინმაიერის ფორმულა“ უკრაინისთვის არის ინიციატივა, რომელსაც მოჰყვა ნდობა ყველა მხარის მიერ და ყველა მიესალმა.
„ახლა უნდა ვნახოთ, როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია, მაგრამ ეს ჩემი უფლებამოსილებების მიღმაა, რადგან მე ვარ საქართველოში ევროკავშირის ელჩი“, – აღნიშნა ელჩმა.
კითხვაზე, საქართველოშიც მსგავსი ფორმულით ხომ არ ჩამოსულა გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ჰარცელმა აღნიშნა: „არ ვიცი, ამის შესახებ სხვას უნდა ჰკითხოთ“.
ანალოგიური კითხვით ჟურნალისტებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს 4 ოქტომბერს მიმართეს. მინისტრმა განაცხადა, რომ შტაინმაიერი საქართველოში კონფლიქტებთან დაკავშირებით არანაირი ინიციატივით არ ჩამოდის.
ცნობისთვის: თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს. გერმანელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებებია დაგეგმილი. პრეზიდენტები ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებენ.