თურქეთი ერაყის ბრალდებებს პასუხობს:" ჩვენ არანაირი თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე არ განგვიხორციელებია"
21/07/2022 08:39:36 მსოფლიო
ანკარა ეხმიანება ერაყის ხელისუფლების ბრალდებებს, რომლის თანახმად, თურქეთის იერიშს ერაყის ქურთისტანის რეგიონში რვა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოლღუმ აღნიშნა, "თურქეთის სამიზნეს არასდროს წარმოადგენენ მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ მხოლოდ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტული ორგანიზაცია".
„ჩვენს მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენ არანაირი თავდასხმა მშვიდობიან მცხოვრებლებზე არ განგვიხორციელებია“, – განაცხადა ჩავუშოლღლუმ.
20 ივლისს სააგენტო „როიტერმა“ ერაყის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერაყის ქურთისტანის რეგიონში, დაჰუკის პროვინციაზე თურქეთის იერიშს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა. ერაყი აცხადებს, რომ ყველა გარდაცვლილი ტურისტი იყო.


