
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: "თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები კვლავ მნიშვნელოვნად იაფი იქნება"
20/07/2022 13:53:53 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები კვლავ მნიშვნელოვნად იაფი იქნება. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს.
როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, თურქეთში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული კურსი დაკორექტირდა, რამაც შესაძლოა, მცირე გავლენა იქონიოს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასზე და მნიშვნელოვან ცვლილება არ არის მოსალოდნელი.
„მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით. არ დაიკარგება ის ეფექტი, რომელიც წლის დასაწყისში, თურქული ბაზრის გახსნით მივიღეთ საქართველოში მედიკამენტების ფასებთან მიმართებაში. თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები კვლავ მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე ეს იყო წლის დასაწყისში. ვფიქრობ, საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს. ამის საფუძველს გვაძლევს ის გარემოებაც, რომ 2022 წლის თებერვალში ანალოგიურ კორექტირებას ჰქონდა ადგილი, რასაც საქართველოში თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტების ფასებზე გავლენა არ მოუხდენია. თურქეთში ფარმაცევტული კურსის დაკორექტირებით არ დაიკარგება ის ეფექტი, რაც საქართველოში თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით მივიღეთ", - აღნიშნა ღუდუშაურმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ფასები 60% − 80%-მდე შემცირდა.