კულება – ხორბლის ექსპორტზე: "არაფერია შეთანხმებული, სანამ შეთანხმებული არ არის ყველაფერი"
20/07/2022 05:45:49 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ადასტურებს, რომ ქვეყნის პორტებიდან ხორბლის ექსპორტის მიზნით საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით რუსეთთან მოლაპარაკებამ საგრძნობლად წინ წაიწია.
ამასთან, კულებას განცხადებით, ყველაფერი, რაც უკვე შეთანხმებულია, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში ჩაიშალოს.
„დიპლომატიაში ასეთი წესი არსებობს - არაფერია შეთანხმებული, სანამ შეთანხმებული არ არის ყველაფერი“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის მთავარია ყველა დეტალი ისე გაიწეროს, რომ ქვეყანას ზღვიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდეს.
გამოცემა Finanial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა და რუსეთი შეთანხმებასთან ახლოს არიან, მაგრამ ჯერ–ჯერობით აზრთა სხვადასხვაობაა პორტების და გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტული საშუალებების საკითხში. გამოცემის ცნობით, რუსეთი იძლევა გარკვეულ გარანტიას, რომ იერიშს არ მიიტანს სატვირთო გემებზე, თუმცა უკრაინა მოითხოვს დამატებით გარანტიებს, რომ რუსეთი მის პორტებს არ შეუტევს.


