
"საქართველო ხელგაშლილი ელოდება რუს მოჭადრაკეებს" - ბათუმში ჩემპიონატზე რუსეთის დელეგაცია ჩამოვა
19/07/2022 16:05:00 საზოგადოება
8, 10 და 12 წლამდე ვაჟებსა და გოგონებს შორის ბათუმში ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი მოჭადრაკებიც იასპარეზებენ. რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, "რადგან ამ შეჯიბრის ორგანიზატორებმა რუსი მონაწილეების უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, რუსეთის საჭადრაკო ფედერაცია საქართველოში ოფიციალური დელეგაციის გაგზავნას გეგმავს".
"საქართველო ხელგაშლილი ელოდება რუს მოჭადრაკეებს",- ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"კარგი ამბავი ჩვენი შვილებისთვის!" - ასე გამოეხმაურა გადაწყვეტილებას ჭადრაკის რუსი დიდოსტატი სერგეი ზაგრებელნი ფეისბუკზე.
"ანუ, ახლა უკრაინელი მოჭადრაკეები იქ არ წავლენ, თუ მოთამაშეებს დაყოფენ?", - ჰკითხა მას ოქსანა გუსევამ კომენტარებში.
"არ ვიცი, ეს ჩვენი პრობლემები აღარ არის", - უპასუხა ზაგრებელნიმ Chess-News-ის მიერ "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული განცხადების თანახმად.
საქართველოს საჭადრაკო ფედერაციაში აცხადებენ, რომ ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაციის (ფიდე) გადაწყვეტილებით, ყველა ასპარეზობაზე რუს და ბელარუს მოჭადრაკეებს შეუძლიათ ასპარეზობა ფიდეს სახელით დროშის, ჰიმნისა და ყოველგვარი სხვა ატრიბუტიკის გარეშე.
ანალოგიური ჩემპიონატები 14, 16 და 18 წლამდე კატეგორიებში 5-დან 17 სექტემბრის ჩათვლით რუმინეთის ქალაქ მამაიაშიც გაიმართება. მაგრამ რუსეთის საჭადრაკო ფედერაციამ არჩია იქ დელეგაცია არ გაეგზავნა. იმის გამო, რომ რუმინეთი რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაშია, რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია თვლის, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საფრთხე არსებობს.