Reuters – ევროკავშირი რუსული ბანკებისთვის სანქციების შემსუბუქებას გეგმავს
19/07/2022 13:39:25 მსოფლიო
ევროკავშირი რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გარკვეულწილად შემსუბუქებას გეგმავს, – იუწყება Reuters ევროკავშირის დოკუმენტის სამუშაო ვარიანტზე დაყდნობით.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიზეზი საკვებისა და სასუქების სავაჭრო ბაზარზე საბანკო ტრანზაქციებისთვის გზის გახსნაა.
"ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა აფრიკის ქვეყნების ლიდერების კრიტიკამ, რადგანაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და შავი ზღვის პორტების ბლოკადამ მათ ბაზარზე პროდუქციის დეფიციტი შექმნა. საკვებისთვის განკუთვნილ აქტივებზე შეზღუდვები მოეხსნებათ წამყვან რუსულ ბანკებს – „ვითიბის“, „სოვკომბანკს“, „ნოვიკომბანკს“, ბანკ „ატკრიტიეს“, „ვებს“, „პრომსვიაზბანკს“ და ბანკ „რასიას“. თუმცა ევროკავშირი სანქციების რიგით მე–7 პაკეტში რუსეთის ყველაზე დიდი ბანკის – „სბერბანკისთვის“ აქტივებისა და ქონების გაყინვას გეგმავს. სხვა ბანკების მსგავსად, „სბერბანკისთვისაც" გამონაკლისის სახით, საკვებისა და სასუქისთვის განკუთვნილი რესურსები დარჩება ხელმისაწვდომი", – იუწყება Reuters.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში ნათქვამია, რომ ბანკმა ფული შეიძლება, გამოიყოს „მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ ასეთი სახსრები ან ეკონომიკური რესურსები აუცილებელია სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების, მათ შორის ხორბლისა და სასუქების შესაძენად, იმპორტისთვის ან ტრანსპორტირებისთვის“.


