უკრაინის გენშტაბის უფროსი: "ფრონტის ხაზზე სიტუაციის დასტაბილურება მოვახერხეთ"
19/07/2022 05:50:11 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინამ ფრონტის ხაზზე სიტუაციის დასტაბილურება მოახერხა.
ამის შესახებ მან აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მარკ მილთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ "სიტუაცია დაძაბულია, თუმცა სრულიად კონტროლირებადი".
"ჩვენ მოვახერხეთ სიტუაციის სტაბილიზაცია. ვითარება კომპლექსური და დაძაბულია, მაგრამ სრულიად კონტროლირებადია. ჩვენი თავდაცვითი ხაზების და პოზიციების შენარჩუნების ხელშემწყობი ფაქტორია M142 HIMARS-ის დროული ჩამოსვლა, რომლებიც დარტყმებს აყენებს მტრის მართვის პუნქტებს, საბრძოლო აღჭურვილობასა და საწვავის საწყობებს", - განაცხადა ზალუჟნიმ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში კიევმა ხერსონში მტრის სამიზნეებზე იერიში რამდენჯერმე მიიტანა. შეტევები რიგ შემთხვევაში ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS–ით განხორციელდა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


