
მთავრობა რაჭის დაცული ტერიტორიის შექმნას გეგმავს
18/07/2022 09:20:21 რეგიონები, ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას განცხადებით, რაჭაში ეროვნული პარკი შეიქმნება. მისი თქმით, დაცული ტერიტორიები ონის მუნიციპალიტეტში დაახლოებით, 50 800 ჰა-ზე გაშენდება.
„დღეს საქართველოს მთავრობამ მოიწონა საქართველოს კანონის პროექტი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 50 800 ჰექტარზე დაარსდება ეროვნული პარკი. ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი უნიკალური ბუნება, ბიომრავალფეროვნება, რაც გვაქვს რეგიონში და ვიზრუნოთ მასზე, ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა, რომ რეგიონში განვითარდეს შესაბამისი ეკოტურისტული სერვისები, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მიიღონ შემოსავალი და განავითარონ თავიანთი ბიზნესი", – განაცხადა შამუგიამ.
მისი თქმით, დაფინანსება მთავრობას გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან, ასევე, კავკასიის ბუნების დაცვის ფონდიდან აქვს, რისი ნაწილიც რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებას მოხმარდება.
ცნობისთვის: საქართველოს ხელისუფლებამ 104 000 ჰექტარი ტყე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში 49 წლით ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარ მოწმეს დავით ხიდაშელს გადასცა. "მწვანე ალტერნატივამ" და გარემოს დამცველებმა მთავრობის აღნიშნული განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.