საბერძნეთში სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა (ვიდეო)
17/07/2022 06:35:32 მსოფლიო
საბერძნეთის ჩრდილოეთით, ქალაქ კავალასთან ახლოს სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
მედიის ცნობით, “ანტონოვ-12” რომელსაც უკრაინაში დაფუძნებული კომპანია მართავდა, სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა.
რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე ჯერ–ჯერობით უცნობია, მაგრამ ზოგიერთი დაუდასტურებელი ცნობით, თვითმფრინავში შესაძლოა, რვა ადამიანი იმყოფებოდეს.
საბერძნეთის სახელმწიფო მაუწყებელის ERT-ის ინფორმაციით, თვითმფრინავს 12 - ტონიანი ტვირთი გადაჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პილოტმა კავალას აეროპორტში ავარიული დაშვება მოითხოვა ძრავის პრობლემის გამო, თუმცა ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მისვლა ვერ შეძლო.
ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შვიდი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული, მაგრამ ისინი შემთხვევის ადგილს განგრძობადი აფეთქებების გამო ვერ მიუახლოვდნენ. სახანძრო ბრიგადის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ისინი თვითმფრინავზე არსებულ ტვირთს საშიშ მასალად განიხილავენ.
უკრაინას, სერბეთსა და იორდანიას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებიათ.


