უკრაინა – რუსული სარაკეტო დარტყმების 70% სამოქალაქო ობიექტებზეა განხორციელებული
15/07/2022 18:11:06 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული სარაკეტო დარტყმების 70% სამოქალაქო ობიექტებზეა განხორციელებული.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსული ძალების მთლიანი თავდასხმების მხოლოდ 30% განხორციელდა სამხედრო სამიზნეებზე, ხოლო დანარჩენი იყო მიმართული მშვიდობიან ქალაქებზე, მათ შორის – მარიუპოლზე, ზაპოროჟიასა და მიკოლაივზე.
"გუშინდელი მზაკვრული სარაკეტო თავდასხმა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქის ცენტრში არის კიდევ ერთი ფაქტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აბსოლუტურად დადასტურებული გენოციდის შესახებ. ეს არის უკრაინელების, როგორც ერის განადგურება, ეს არის უკრაინელების სულისკვეთების გატეხვის და მათი წინააღმდეგობის უნარის შემცირების მცდელობა", – აცხადებს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სპიკერი ალექსანდრე მოტუზიანიკი.
მისი თქმით, "რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა აღიარონ".
ცნობისთვის: 14 ივლისს რუსეთმა უკრაინის ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დაღუპულია 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.


