
"ველოდები ახალი ბრალის წარდგენას და პროკურატურის მიერ პატიმრობის მოთხოვნას"
04/10/2019 15:01:51 სხვა, სამართალი
ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ყოფილი გენდირექტორი, ამჟამად “მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია მისთვის ახალი ბრალის წარდგენას არ გამორიცხავს.
“მოკლედ, ველოდები ახალი ბრალის წარდგენას და პროკურატურის მიერ პატიმრობის მოთხოვნას. საქართველოს ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ცნობადი და გავლენიანი სახის, ნიუსის მეფის ზაალ უდუმაშვილისთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა “რუსთავი2“- ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან). არხის ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგის „კურიერის“ (15-16-17-18% amr) მთავარი შემოქმედის,
ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ნიუსავიკის და საავტორო „შაბათის კურიერის“ ავტორი ნოდარ მელაძისთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან), ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტის, ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამის, პოსტსკრიპტუმის (20% amr დაუწერია, რაც მეგაშოუს რეიტინგია) წამყვანის და ავტორისთვის, გიორგი გაბუნიასთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან). “რუსთავი2“- ის სუპერ წარმატებული მენეჯერის, როგორც ნიუსის ხელმძღვანელობის, პოლიტიკური თოქშოუს პროდიუსინგის, ასევე პროდაქშენის ხელმძღვანელობაში, ლეგენდარული გიორგი ლაფერაშვილისთვის სამი ტყუპი შვილის შეძენის შემდეგ, პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან)“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გიორგი გაბუნია პროკურატურაში 7 ოქტომბერს არის დაბარებული, ხოლო ნოდარ მელაძე უწყებაში 5 ოქტომბერს 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.