პუტინმა "როსკოსმოსის" ხელმძღვანელი როგოზინი თანამდებობიდან გაათავისუფლა
15/07/2022 15:07:31 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დიმიტრი როგოზინი„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. დღეიდან სახელმწიფო კორპორაციას რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი იური ბორისოვი უხელმძღვანელებს.
თავად ბორისოვი ვიცე-პრემიერის პოსტიდან "როსკოსმოსის" ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნამდე რამდენიმე წუთით ადრე გაათავისუფლეს. მანამდე, ამ გადაადგილებას, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ვარაუდობდნენ რუსული გაზეთები. „ვედომოსტი“ წერდა, რომ როგოზინს შეიძლება, დონბასის კურირება მიანდონ. „მედუზა“ მოელოდა, რომ ამას როგოზინი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამდებობის დაკავების შემდეგ შეუდგება. „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ წყაროების დაუსახელებლად აღნიშნავდა, რომ მოხელემ შეიძლება, დაიკავოს რუსეთის ან პრორუსული სეპარატისტების მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის ხელმძღვანელის თანამდებობა.
როგოზინი „როსკოსმოსს“ 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი მთავრობის ვიცე-პრემიერი იყო.
65 წლის ბორისოვმა როგოზინი მთავრობაში 2018 წელს შეცვალა. იგი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია.
2018 წელს გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინებოდა, რომ ბორისოვს პრეზიდენტის ფარული ბრძანებით მიენიჭა რუსეთის გმირის წოდება. გაზეთის წყარო ვარაუდობდა, რომ დაჯილდოება მოხდა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ ახალი სტრატეგიული იარაღის შექმნის გამო, რომელზეც პუტინი ჰყვებოდა თავის გამოსვლაში ფედერალური კრების წინაშე. საქმე ეხებოდა ჰიპერბგერით ბალისტიკურ რაკეტებს - სტრატეგიულ რაკეტებს, რომლებსაც აქვთ ბირთვული ძრავა და უპილოტო წყალქვეშა ნავს, რომელსაც უნარი შესწევს გატყორცნოს ბირთვული ტორპედო.


