
სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2.8%-ით გაიზარდა
04/10/2019 14:33:03 ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში 917 044 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.8 %–ით აღემატება. ამასთან, ტურისტული ვიზიტები გაზრდილია 0.6 %–ით და მათმა რაოდენობამ სექტემბერში 539 524 შეადგინა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, 2019 წლის სექტემბერში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 20.6%–ით შემცირდა და 147 425 შეადგინა, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა შემცირდა 29.9%–ით და 105 572 შეადგინა.
2019 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში სულ 7 237 560 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 6.6 %–ით აღემატება.
დეტალური სტატისტიკა ასეთია: ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +37.8 პროცენტი, გაერთიანებული სამეფო +28.9%, პოლონეთი +26.8%, საფრანგეთი +25.9 %, ნიდერლანდები +25.4 % და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +130.4 %, ყირგიზეთი +84.4 %, ყაზახეთი +56.4 %, ჩინეთი +48.9 %, საუდის არაბეთი +45.6%, ქუვეითი +32.8 % და სხვა.
შემოსავლები ტურიზმიდან: წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მლრდ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4 %–ით ნაკლებია.
2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 396 მლნ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.6 %–ით ჩამორჩება.
2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა +5 %), ხოლო ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.1 %–ს უტოლდება.