"პუტინის ომი მისი სტრატეგიული მარცხი უნდა იყოს"
15/07/2022 06:00:11 მსოფლიო
"პუტინის ომი უნდა იყოს მისი სტრატეგიული მარცხი და თავისუფალმა მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს გადაწყვეტილებას დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი დემოკრატიის დაცვაში", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ბაიდენის თქმით, პუტინის თავდასხმა უკრაინაზე არის გამოწვევა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მსოფლიოში.
„შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რომლებიც განადგურებული და დევნილი არიან რუსეთის ძალადობის შედეგად“, - განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


