Accentnews.ge
"კოლაფსს უკვე აგვისტოში ვიგრძნობთ": რუსეთში ხელფასების არგაცემა დაიწყო

"კოლაფსს უკვე აგვისტოში ვიგრძნობთ": რუსეთში ხელფასების არგაცემა დაიწყო

14/07/2022 13:25:51 ეკონომიკა

რუსეთის ათობით რეგიონში ხელფასების არგაცემა-დაგვიანება დაიწყო. ირკვევა, რომ რიგ ოლქებში მოქალაქეებს გასამრჯელო უკვე რამდენიმე თვეა, არ მიუღიათ, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი დანამატების გაცემა შეწყდა, - იუწყება Сибирь.Реалии. ადგილობრივი ეკონომისტების პროგნოზით, ეს მხოლოდ დასაწყისია, უკრაინასთან ომისა და დასავლური სანქციების რეალურ ეფექტს კი რუსეთის მოსახლეობა უკვე აგვისტოში იგრძნობს.

“როსსტატი” ადასტურებს

ოფიციალური ინფორმაცით, მაისის დასაწყისისთვის რუსეთში სახელფასო დავალიანების ჯამური ოდენობა 889 მლნ რუბლს შეადგენდა. ყველაზე დიდი ვალი – 58,8 მლნ რუბლი ხაბაროვსკის ოლქში ფიქსირდება, - იუწყება “როსსტატი”.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე ხშირად დავალიანებას კომერციული საწარმოების თანამშრომლები უჩივიან.

უკვე ფიქსირდება გაფიცვების ფაქტებიც. ასე, მაგალითად, ეკატერინბურგის კომპრესორების ქარხანაში სახელფასო დავალიანების გამო თანამშრომლებმა მუშაობა შეწყვიტეს. საწარმოს ხელმძღვანელობამ დავალიანება დასავლურ სანქციებს დაუკავშირა – პარტნიორებს სასანქციო ბანკებში თანხები "გაუყინესო" და თანამშრომლების "სინდისზე აგდება" სცადა: "ფრონტზე ხალხი კვდება და ეს უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სამხედრო დაკვეთა გვაქვს შესასრულებელი, რა დროის გაფიცვაა?! მეორე მსოფლიო ომის დროს ხელფასებს არავინ ითხოვდაო". არადა, რუსეთის ხელმძღანელობის დირექტივის შესაბამისად, ისიც უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას არა ომად, არამედ "სპეციალურ ოპერაციად" მოიხსენიებს. ახლა გენერალური დირექტორი იმუქრება: ვინც პროტესტს შეწყვეტს, გადავუხდით, ვინც არა – უსამსახუროდ დავტოვებთო. თუმვა გაფიცულებს მისი ნაკლებად სჯერათ: “ვფიქრობ, ფულს ვერავინ მივიღებთ და დროა, სხვა სამსახური ვეძებოთ, მაგრამ ვაი, რომ დასაქმების კუთხით ჩვენს ქალაქშიც და ზოგადად რუსეთშიც უკვე დიდი პრობლემებია”, – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი.

პრობლემებია საბიუჯეტო სფეროშიც

სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლები, "როსსტატის" სტატისტიკის მიუხედავად (მაისის მდგომარეობით, სახელფასო დავალიანება 1 მლნ-ს შეადგენდა), ასევე უჩივიან გასამრჯელოს სრულ ან ნაწილობრივ გაუცემლობას.

ალტაის მხარეში მოქმედი რაიონული საავამდყოფოს პერსონალი ყვება, რომ ყველა დანამატის გაცემა შეუწყდა, რამაც თანხები თითქმის გაანახევრა და ამჟამინდელი გასამრჯელოთი თავის რჩენა ერთ ადამიანსაც კი უჭირს, არათუ ოჯახს. ივლისის დასაწყისში კი პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდა – შეწყდა ავანსების გაცემაც და ახლა არაერთ თანამშრომელს, რომელსაც იპოთეკური სესხები ჰქონდა აღებული, ბანკებთან სერიოზული პრობლემები აქვს. მათმა ნაწილმა დამსაქმებლებს პროკურატურაში უჩივლა, თუმცა შედეგი ჯერ არ ჩანს.

"პრობლემები ყველას შეგვეხება"

იურისტები ფიქრობენ, რომ ომისა და სანქციების ეფექტი დროთა განმავლობაში მხოლოდ მოიმატებს საჩივრებთან ერთად, ამ უკანასკნელთა დაკმაყოფილება კი სულ უფრო პრობლემური გახდება.

“რაც დრო გავა, ომის შედეგები დამძიმდება (თუმცა ამ დროისთვისაც საჩივრების რაოდენობა უკვე რამდენჯერმეა გაზრდილი ომამდელ პერიოდთან შედარებით). შესაბამისად, მოიმატებს საჩივრების რაოდენობაც, მაგრამ მომჩივანთა ინტერესების დაცვა სულ უფრო რთული იქნება: ხელისუფლებიდან შესაბამის ორგანოებს, კერძოდ პროკურატურას მიეცემა დირექტოვები, საწარმოების ხელმძღანელობების მხარე დაიკავოს” – თვლის იურიდიული ბიურო “ვერიტასის” ხელმძღვანელი ალექსეი ტკაჩოვი.

იურისტი საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანებების კუთხით “როსსტატის” სტატისტიკას ხელოვნურად შემცირებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ბიუროს საბიუჯეტო სექტორის უკვე ასობით თანამშრომელი მიმართავს.

"თვალს ვადევნებთ სურათს, რომელიც საერთოა მთელი დარგისთვის: ირკუტსკის სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები მასობრივად დატოვეს საშვებულებო თანხების გარეშე. ვთვლი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და შემდგომში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება" - ამბობს ტკაჩოვი.

ამ პროგნოზებს ეკონომისტებიც იზიარებენ: სახელფასო დავალიანებების მოცულობები რუსეთში პიკს უკვე აგვისტოსთვის მიაღწევს.

"კოლაფსს ყველანი აგვისტოსთვის ვიგრძნობთ, – თვლის "IE Business School"-ის ანალიტიკოსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი მაქსიმ მირონოვი. – კომპანიების დიდი ნაწილი უკვე დარჩენილია კონტრაქტორებისა და კლიენტურის გარეშე, თუმცა ჯერ კიდევ გააჩნიათ რესურსების მარაგები, რის გამოც ომისა და სანქციების სრულ ეფექტს ამ დრომდე ვერ ვხედავთ. ტრადიციულად, ეს მარაგები სამი თვით იქმნება ხოლმე, პანდემიის გამო ბოლოს ექვსით შეიქმნა და სავარაუდოდ, აგვისტოსთვის ამოიწურება, რის შემდეგაც რეალურ სურათს დავინახავთ იმისა, რა გავლენა იქონია რუსეთის ეკონომიკაზე ომმა და სანქციებმა".

ეკონომისტების პროგნოზებს ციფრები ამყარებს

სახელმწიფო სტატისტიკის თანახმად, ყველაზე დიდი სახელფასო დავალიანებები ფიქსირდება გადამამუშავებელ მრეწველობაში – 55,4% და მშენებლობაში – 12,1%. სოფლის, სამონადირეო და სატყეო მეურნეობები მესამე ადგილზეა 8,5%-ით; წყალმომარაგება და ნარჩენების უტილიზაცია – მეოთხეზე 5,8%-ით, ტრანსპორტი – მეხუთეზე 5,4%-ით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება კი – მეექვსეზე 4,4%-ით.

"ავტომრეწველობა და ავიაცია უკვე პრაქტიკულად მოკვდა. სანქციების გამო ეს სფეროები უმნიშვნელოვანესი უცხოური მაკომპლექტებლების გარეშე დარჩნენ. მეორე ადგილზეა ყველა გადამამუშავებელი საწარმო, რომლებიც დაზგებისა და ნედლეულის გარეშეა დარჩენილი. მეტალის დეფიციტისა და სხვა ნედლეულის გაძვირების შედეგად სამშენებლო დარგი ჩერდება. თუმცა ჩამოთვლას აზრი არ აქვს, პრობლემები ხომ ყველას შეგვეხება, რადგან საბაზისო დარგებთან ერთად ყველა თანმდევი სასერვისო დარგიც იყინება. მათი მომსახურება, ლოჯისტიკა, საოფისე და სასაწყობე ცენტრები და ა.შ. - ყველაფერი ჩერდება" - აგრძელებს მირონოვი.

რუსულ ეკონომიკაში სამუშაო ადგილების რაოდენობა შესაძლოა, 2 მლნ-ით შემცირდეს, ხოლო უმუშევრობის დონე 4,4%-დან 7,8%-მდე გაიზარდოს, - თვლიან საკადრო კომპანია ANCOR-ში.

ხოლო Bloomberg-ის მიერ ჯერ კიდევ მარტში ჩატარებული ანალიტიკოსთა გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2022 წლის შედეგად ქვეყანაში უმუშევობა შესაძლოა, გაორმაგდეს და ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, 9%-ს გადააჭარბოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S