"2014 წლისგან განსხვავებით, უკრაინა საინფორმაციო ომს იგებს"
14/07/2022 10:05:05 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ 2014 წლისგან განსხვავებით, უკრაინა საინფორმაციო ომს იგებს.
როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსი ოკუპანტები უკრაინაში შეიჭრნენ, ომის შესახებ სწორი ინფორმაციის გასავრცელებლად, უცხოელებისთვის ოფიციალური გვერდები: "Ukraine.ua" და "war.ukraine.ua" შექმნეს.
"ჩვენ დავითვალეთ რეაქციების რაოდენობა, ამ საიტების გაშუქება და ეს შთამბეჭდავია. ფართომასშტაბიანი ომის 140 დღის განმავლობაში, Ukraine.ua-მ მოიცვა 600 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოში. აქედან 91 მილიონი მხოლოდ ივნისში, რაც მაისთან შედარებით 21%-ით მეტია. ომის გამო გადაღლილობის მიუხედავად, ჩვენი კომუნიკაციები კიდევ უფრო მძლავრი ხდება", - აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, უკრაინა ახერხებს ხალხის ყურადღების მიპყრობას რუსული აგრესიის მიმართ:
"უნდა ვიმუშაოთ და გადმოვცეთ სიმართლე, ასევე, გამოვიყენებთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მსოფლიოს ავუხსნათ, რა არის უკრაინა, ვინ არიან უკრაინელები და რატომ არის ჩვენი სახელი თავისუფლება. ამჯერად, 2014 წლისგან განსხვავებით, ჩვენ ვიგებთ საინფორმაციო ომს. რა თქმა უნდა, უცხოეთში ყოველთვის იქნება ხალხი, ვინც რუსულ ტყუილს დაიჯერებს, მაგრამ ზოგადად, ხალხის კრიტიკული მასა უკრაინის მხარესაა. ეს დიდი მიღწევაა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთელი გუნდისთვის".


