მეორე ფრონტი, სეპარატიზმის ქაოსი, ცენტრალური აზია

14-07-2022 13:10:11 თვალსაზრისი

ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ კრემლსა და მის პროპაგანდისტულ მედიაში, ნელ-ნელა ხილულ კონტურებს იძენს. პოსტსაბჭოთა სივრცეში "დენაციფიკაციის" ახალ მიმართულებად უკვე ფაქტობრივად განისაზღვრა ყაზახეთი.

შეურაცხყოფილი რუსული იმპერიალისტური თავმოყვარეობისთვის "ბოლო წვეთად", როგორც ჩანს, პეტერბურგის ამასწინანდელი ეკონომიკური ფორუმი იქცა, რომელზეც ყაზახეთის პრეზიდენტმა ქასიმ-ჟომარტ ტოკაემა კრემლელი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანის პირდაპირ კითხვას პირდაპირი პასუხი გასცა: რუსეთის მიერ აღიარებული სეპარატისტული რეგიონების აღიარებას არ ვაპირებო.

მხარეები უკვე შეუდგნენ “ურთიერთკომპლიმენტების” გაცვლას: რუსეთმა კასპიის ზღვით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა, ხოლო ყაზახეთმა განაცხადა სავალუტო კავშირიდან გასვლის შესახებ და რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით ნავთობექსპორტის ახალი მარშრუტის მოდელირებას შეუდგა.

ამ ვითარებაში საკმაოდ მარტივია კრემლის ახალი მითების პროგნოზირება "ყაზახეთში ნაციონალიზმის აფეთქების", “რუსების უფლებების შელახვისა” და “სლავიანსკელი რუსი ბიჭის ჯვარზე გაკვრის” მსგავსი ზღაპრების თაობაზე. თუმცა ყაზახეთის შემთხვევაში კრემლი ამ კუთხით საკმაოდ სერიოზულ დაბრკოლებებს წააწყდება: უკრაინის “დენაციფიკაციის” დაწყების შემდეგ ხომ რუსეთის მკვიდრთა საკმაოდ დიდი რაოდენობა სწორედ ყაზახეთს მიაწყდა და მაშასადამე, სულაც არ ეშინოდა ადგილობრივი “ნაციონალიზმის”, ხოლო რუსები, რომლებიც იქ დიდი ხანია, ცხოვრობენ, დაჟინებით ითხოვენ მოსკოვისგან, ნუ ეცდება მათ “გათავისუფლებას”. მაგრამ კრემლის პროპაგანდის პასუხი ამაზე ასევე მარტივადაა პროგნოზირებადი: "ყაზახეთში მცხოვრებმა რუსებმა ალბათ, უბრალოდ არ იციან “რუსსკი მირის” უპირატესობების შესახებ, ამდენად, მათი აზრის გათვალისწინება არ ღირსო".

თუმცა არსებობენ ისინი, ვისი აზრის გაუთვალისწინებლობაც კრემლისთვის დიდი ხიფათის შემცველია. ერთ-ერთი მათგანი პეკინია “ერთი სარტყელი – ერთი გზით”. ცენტრალური აზიის რეგიონს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ჩინეთიდან ევროპისკენ მარშრუტზე და ყველაფერს, რაც იქ ხდება, პეკინი დიდი გულისყურით ადევნებს თვალს. ჩინურმა ფაქტორმა, რეგიონზე ჩინეთის გავლენამ დიდი ხანია, რუსული გადაწონა, უპირველესად – ეკონომიკურ წონით კატეგორიებში სხვაობის თვალსაზრისით: მსოფლიო მშპ-ში რუსეთის წილი ხომ მხოლოდ 2%-ია, ჩინეთისა და 20%-ს აჭარბებს.

ძალზე ხილულად იქნა დემონსტრირებული ეს სხვაობა ყაზახეთის იანვრის ტრაგიკული მოვლენებისას. “წესრიგის დამყარებაში” ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის) ძალების მონაწილეობამ საფუძველი მისცა ეჭვებს, რომ რუსული კონტინგენტი მეზობელ ქვეყანაში დიდი ხნით დარჩებოდა. თუმცა ჩინეთის მხრიდან წარბის აწევაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ რუსი “სამშვიდობოები” სწრაფად დაბრუნებულიყვნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე. “ყაზახურ ფრონტზე” შესაძლო პროვოკაციები კი პეკინის გაცილებით უფრო აგრესიულ რეაქციას გამოიწვევს – საქმე წარბის აწევით აღარ შემოიფარგლება, სანქციები კი – მხოლოდ ეკონომიკურით.

დაახლოებით იგივეა მოსალოდნელი ანკარისგანაც, რომელიც არ აპირებს, თურქული სამყაროს ლიდერობაზე უარი თქვას და ეს ნათლად აჩვენა კიდეც თურქულმა მონაწილეობამ ყარაბაღის ამასწინანდელ მეორე ომში.

მიუხედავად ამისა, საზღვრების შეცვლა და სეპარატიზმის ქაოსი – ეს საფრთხე პოსტსაბჭოთა ცენტრალურ აზიაში ძალზე აქტუალურად რჩება. ამდენად, პრეზიდენტ ქასიმ-ჟომარტ ტოკაევის განცხადება რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვადასხვა ტერიტორიების არაღიარების შესახებ პირველ რიგში, თავად ცენტრალურ აზიას ეხებოდა და მხოლოდ მეორეში – რუსეთს, ყაზახეთსა და უკრაინას. ერთი მცდარი ნაბიჯი – და ცეცხლი აგიზგიზდა ყარაყალპაკეთში, დიდი ხანია, “ღვივის” იგი მთიან ბადახშანსა და ფერგანაში… არსებობს ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, თუმცა პოტენციურად კიდევ უფრო კონფლიქტური რეგიონებიც, მაგალითად, ტაჯიკებით დასახლებული უზბეკური ანკლავი სოხი ყირგიზეთში. შესაბამისად, ერთა თვითგამორკვევის თემის ერთი გაუფრთხილებელი ხსენებაც კი ძალზე მტკივნეულად აღიქმება უკლებლივ ყველა ცენტრალურაზიური სახელმწიფოს ხელმძღანელობების მიერ და მათი მხრიდან რუსეთის ძალისხმევის მხარდაჭერა ძალზე საეჭვო პერსპექტივაა.

თუმცა კრემლში ამას, სამწუხაროდ, სათანადოდ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ - და უკრაინაში მომხდარის შემდეგ “მეორე ფრონტის” გახსნის პერსპექტივა, რაოდენ ავანტიურისტულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს იგი, ფანტასტიკად ვერ ჩაითვლება.

ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, აღმოსავლეთმცოდნე კონსტანტინე ხახალინი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები