უკრაინამ ამერიკული HIMARS-ით ხერსონში კიდევ ერთი რუსული იარაღის საწყობი გაანადგურა
14/07/2022 03:51:25 მსოფლიო
ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკაში, რომელსაც რუსი სამხედროები აკონტროლებენ, კიდევ ერთი აფეთების შესახებ იუწყებიან.
ხერსონის რეგიონალური საბჭოს წევრი სერჰი ხლანი აცხადებს, რომ უკრაინამ ამჯერად სოკილის რაიონში მდებარე რუსული იარაღის საწყობი გაანადგურა.
"მადლობა HIMARS-ს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", – აცხადებს ხლანი.
- 12 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მიიტანეს იერიში ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკაზე, რომელსაც რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
"ლიკვიდირებულია 52 რუსი სამხედრო მოსამსახურე, განადგურებულია რუსული ძალების კუთვნილი ჰაუბიცა, ნაღმმტყორცნი, 7 ერთეული საავტომობილო და ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალების საწყობი", – იუწყებოდა სარდლობა. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერჰი ბრატჩუკი აღნიშნავდა, რომ შეტევა ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS–ით განხორციელდა.
- 13 ივლისს უკრაინამ ხერსონში მტრის პოზიციებზე მორიგი იერიში მიიტანა. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, დაბომბვა ამჯერად ნოვოპეტრივკას რაიონში განხორციელდა:
„ჩვენმა ორმა მოიერიშე თვითმფრინავმა ხერსონის ოლქის ნოვოპეტრივკას რაიონში დარტყმა განახორციელა საბრძოლო მასალის საცავსა და მტრის კონცენტრაციაზე. ნოვოპეტრივკას მახლობლად ხერსონის რაიონში. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ საცეცხლე ამოცანების შესრულებისას განადგურდა 30 რუსი ოკუპანტი, ერთი ჰაუბიცა, „ურაგანის“ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 4 ერთეული ჯავშანტექნიკა, ასევე საბრძოლო მასალების ორი საცავი".
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


