Reuters – გერმანია 1 აგვისტოდან რუსული ქვანახშირის, 31 დეკემბრიდან კი ნავთობის ყიდვას შეწყვეტს
13/07/2022 12:52:49 მსოფლიო
გერმანია 1 აგვისტოდან რუსული ქვანახშირის შეძენაზე, ხოლო 31 დეკემბრიდან რუსული ნავთობის შეძენაზე სრულად იტყვის უარს, – იუწყება Reuters.
"ნებისმიერმა, ვინც იცის Druzhba-ს მილსადენის ისტორია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა იმპერიის ინსტრუმენტი იყო, ასევე იცის, რომ ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება არაა ტრივიალური საქმე, თუმცა ჩვენ ამას რამდენიმე თვეში შევძლებთ“, - აცხადებს გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იორგ კუკისი.
გერმანიაში იმპორტირებული ქვანახშირისა და ნავთობის 40% რუსეთზე მოდიოდა.
რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის სასანქციო პაკეტის ფარგლებში მოხდა, რომელიც 10 აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


