FT: ნატო–ს და ევროკავშირს უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესაძლებლობა აშფოთებთ
13/07/2022 08:22:06 მსოფლიო
ნატო–ს და ევროკავშირის სახელმწიფოები მოითხოვენ დეტალურ დაკვირვებას უკრაინისთვის მიწოდებულ შეიარაღებაზე, რადგან შიშობენ, რომ კრიმინალურ დაჯგუფებებს შესაძლოა, იარაღი ქვეყნიდან გაჰქონდეთ ევროპის „შავ ბაზარზე“, - იუწყება Financial Times.
გამოცემას ორმა, ინფორმირებულმა დასავლელმა მოხელემ აცნობა, რომ ნატო–ს წევრი ზოგიერთი სახელმწიფო კიევთან განიხილავს უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების ინვენტარიზაციის და თვალყურის დევნების სისტემის შექმნას.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი შეიარაღება ჩადის პოლონეთის სამხრეთში, საიდანაც უკრაინის საზღვრამდე მიაქვთ, შემდეგ სატვირთო და ზოგჯერ კერძო ავტომობილებშიც იტვირთება და ამ მომენტიდან უცნობია, სად ხვდება ეს იარაღი და სად გამოიყენება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის იური საკის განცხადებით, შეიარაღების გადაადგილებას დეტალურად აკონტროლებენ როგორც უკრაინა, ასევე საერთაშორისო პარტნიორები.
12 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღებაზე კონტროლის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ბონი ჯენკინსმა განაცხადა, რომ უკრაინასთან აქტიურად თანამშრომლობენ და დარწმუნებული არიან, რომ ქვეყნის მთავრობა სათანადოდ იცავს აშშ-ისგან მიღებულ შეიარაღებას.


