გერმანია უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების ჩამონათვალს აქვეყნებს
13/07/2022 06:27:19 მსოფლიო
გერმანიის მთავრობამ გამოაქვეყნა რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინისთვის გაწეული დახმარების, მათ შორის შეიარაღების ჩამონათვალი. უკრაინის დასახმარებლად გერმანიამ წლევანდელი ბიუჯეტი 2 მილიარდი ევროთი გაზარდა.
იმ შეიარაღებას შორის, რომელიც 12 ივლისის მდგომარეობით, უკრაინამ გერმანიისგან მიიღო, არის :
- 3000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი;
- 14 000 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი;
- 500 საზენიტო რაკეტა „სტინგერი“;
- 2700 გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სტრელა“;
- 7 თვითმავალი ჰაუბიცა;
- 21 მილიონზე მეტი ტყვია ცეცხლსასროლი იარაღისთვის;
- 100 ტყვიამფრქვევი და ა.შ.
გერმანიის მთავრობის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულია ჩამონათვალიც იმ შეიარაღებისა, რომელსაც უკრაინა შემდეგ ეტაპზე მიიღებს, მათ შორისაა რადარები, ჰაუბიცები და უპილოტო საფრენი აპარატები.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


