
"ამერიკას ჩვენთვის არასდროს უღალატნია, ხოლო ევროპა მოღალატეობრივად მოიქცა, სულხან-საბადან დაწყებული, ევროპის ერთი წესიერი გადადგმული ნაბიჯი ვერ ვნახე"
12/07/2022 10:26:27 საზოგადოება
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭებას ეხმიანება და ანტიდასავლურ განცხადებას აკეთებს.
როგორც მეუფე აღნიშნავს, "ევროპა მოღალატეობრივად მოიქცა":
„ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა, ვგულისხმობ ევროპარლამენტს. ევროპარლამენტიდან წავიდა ეს ყველაფერი. ევროპა ჩვენთან მიმართებაში მართალი რომ იყოს, როდესაც უარს ამბობენ საპარლამენტო დებატებზე, გამოვიდოდა ის 308 ღრმად პატივცემული პარლამენტარი და იქიდან 10 მაინც დაწერდა საერთო წერილს, იტყოდა, რომ იქნება ერთად დავსხდეთ და ისე დავაწყნაროთ სიტუაცია. ჩემი გადმოსახედიდან, უკრაინის გარდა სხვისი მიღება არ უნდოდათ. ჩვენთან ეგ თემა პოლიტიკური ტემპერატურის აწევისთვის ბოლომდე გამოიყენეს ჩვენებმა, თუ მათ. [...] ევროპაც რისთვის შეიქმნა, ეგ ქვეყნები ერთმანეთში სულ ომობდნენ და შექმნეს ისე რომ აღარ ეომათ, როცა დიდი ბრიტანეთი მიდის ევროპიდან, ხო უნდა ფიქრობდე, რომ რაღაც ძალიან დიდი პრობლემებია ევროპაში. ჩვენზე კარგად ევროპამ იცის რა გვჭირდება ჩვენ? კანონიც გვჭირდება, სასამართლოც გვჭირდება, ყველაფერი, მაგრამ არა იმათი ჩამონათვალით", – განაცხადა მან და დასძინა:
„უკრაინას ხომ ყველაფრით ეხმარებიან? ეხმარებიან იარაღით, ფულით და უნდა დაეხმარონ. წარმოიდგინეთ, ჩვენთან რუსეთს 20% დაპყრობილი აქვს, დღეს როგორც გვექცევიან ევროპა შემოვიდოდა და რამეს გააკეთებდა? ევროპაზე გულნატკენი ვარ, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი ქალაჩუნური ქმედებით გააჩაღეს“.
ამასთან, მეუფე იაკობი აშშ–ის მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს:
"ამერიკას ჩვენთვის არასდროს უღალატნია. სულხან-საბადან დაწყებული, ერთხელ ვერ ვნახე ევროპის ერთი წესიერი გადადგმული ნაბიჯი".