
"ფლანგვის დეტექტორი": "ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, "ალტ-ინფოს" ტელევიზიას სათანადო შემოსავლის არმქონე მეწილეები აფინანსებენ"
12/07/2022 09:06:09 საზოგადოება
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, "ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, "ალტ-ინფოს" ტელევიზიას სათანადო შემოსავლის არმქონე მეწილეები აფინანსებენ".
მისი განცხადებით, "ძალადობრივი ჯგუფებისთვის უკეთეს მედიადაფარვას კი კომუნიკაციების კომისია უზრუნველყოფს".
როგორც "ფლანგვის დეტექტორი" აღნიშნავს, კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციის თანახმად, ალტ-ინფოს ფინანსური შემოსავლის ძირითადი წყარო მაუწყებლის მფლობელთა შემოწირულობაა. კომპანიის დაფუძნების მომდევნო წელს ალტ-ინფოს შემოსავალი არ მიუღია. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, კომპანიას 2020 წელს თანხა არც შემოწირულობების სახით და არც რეკლამირებიდან უფიქსირდება.
"განსხვავებული მდგომარეობაა 2021 წელს, როდესაც ალტ-ინფომ 571,052 ლარი მიიღო მაუწყებლობის მფლობელის შემოწირულობის სახით, ხოლო რეკლამირებიდან შემოსავლის სახით 6,964.41 ლარი მიიღო. 2022 წლის პირველ კვარტალშიც შემოსავლის მთავარი კომპანიის მფლობელი იყო. კერძოდ, ალტ-ინფომ მფლობელისგან შემოწირულობის სახით ₾ 223,800 ლარი მიიღო, ხოლო რეკლამირებიდან შემოსული თანხა, გასული წლის მსგავსად ისევ მიზერულია და ₾ 2,127 ლარს შეადგენს.
ჯამში, 2021 წლისა და 2022 წლის პირველ კვარტალში ალტ-ინფოს შემოსავლების ძირითადი წყარო თავად მაუწყებლბის მფლობელია. მან მაუწყებლობას 794,852 ლარი გადასცა. რეკლამირებიდან კი მაუწყებლობამ მხოლოდ 9,092 ლარი მიიღო. 2020-2022 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში კომპანიის მფლობელები ციალა მორგოშია და შოთა მარტინენკო იყვნენ. შესაბამისად, ალტ-ინფოს სწორედ ისინი აფინანსებდნენ. საინტერესოა როგორ მოახერხეს მათ ამ მოცულობის თანხების მობილიზება.
ციალა მორგოშია ალტ-ინფოს გარდა წილებს ფლობს 6 კომპანიაში. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონის მიხედვით, კომპანიას, რომლის წლიური შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება, არ აქვს ფინანსური ანგარიშგების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება.
საინტერესოა, რომ ციალა მორგოშიას არც ერთი კომპანია არ აქვეყნებს ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს მესაკუთრეებისთვის დიდი შემოსავალი არ მოაქვს. მეორე მხრივ, ციალა მორგოშია ამ მოცულობის თანხების მობილიზებას ვერც უძრავი ქონებიდან შეძლებდა, რადგან 2019-2022 წლის განმავლობაში მას არ უფიქსირდება უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევები, საიდანაც თანხის მიღებას შეძლებდა.
ამ პერიოდის განმავლობაში, 2021 წლის 1 მარტს ციალა მორგოშიამ იყიდა მიწის ნაკვეთი, რომელიც მოგვიანებით ამავე წლის 30 ივნისს გაყიდა, თუმცა აღნიშნული ქონება 2022 წლის 4 მარტს ისევ იყიდა. შესაბამისად, იმის გამო, რომ ქონება გაყიდვის შემდეგ ისევ უკან დაიბრუნა შემოსავლის წყაროდ აღნიშნულ ნასყიდობასაც ვერ ჩავთლით.
რაც შეეხება შოთა მარტინენკოს, ალტ-ინფოს გარდა იგი წილებს ფლობს შპს საქართველოს ტურიზმის სააგენტოში. თუმცა როგორც ციალა მორგოშიას კომპანიების შემთხვევაში, აქაც კომპანიას არ უფიქსირდება ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის შემოსავალი მცირე ან საერთოდ არ-არსებულია.
შოთა მარტინენკოს სახელზე მხოლოდ ბორჯომში მდებარე უძრავი ქონება ფიქსირდება, რომელიც 2010 წელს შეიძინა. ამის შემდეგ მას ქონების არც ყიდვის და არც გაყიდვის შემთხვევები არ უფიქსირდება.
ეს ყოველივე აღძრავს ეჭვს, რომ ალტ-ინფოს ფინანსების წყაროზე, რადგან არსებული შემოსავლებით ძნელად დასაჯერებელია, რომ ციალა მორგოშიას და შოთა მარტინენკოს ალტ-ინფოს ტელევიზია 2021-2022 წლებში 794,852 ლარით დაეფინანსებინათ", – აცხადებს "ფლანგვის დეტექტორი".