Accentnews.ge
„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“: "ფიტარეთი კვლავ საფრთხეშია"

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“: "ფიტარეთი კვლავ საფრთხეშია"

12/07/2022 07:49:59 საზოგადოება

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) აცხადებს, რომ ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი კვლავ საფრთხეშია.

„გვსურს, შეშფოთება გამოვხატოთ ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი საგანგაშო ვითარების გამო. XIII საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში, ოთხწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, მესამე თვეა, წყალი ჩადის. პრობლემის შესახებ არაერთხელ მივმართეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მათ შორის 5 მაისს ოფიციალური წერილითაც, და დაუყოვნებლივ მოვითხოვეთ შესაბამისი ზომების გატარება. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციის ადგილზე შესასწავლად ფიტარეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფებოდა, ქმედითი ღონისძიებები ამ დრომდე არ გატარებულა, რის გამოც ყოველი უხვი ნალექის დროს ტაძარში უკვე წვიმს და დიდი შრომის შედეგად გადარჩენილი კედლის მხატვრობა ისევ ზიანდება.

ტაძრის უნიკალურ მხატვრობას ასევე საფრთხეს უქმნის გახშირებული მიწისძვრები, რა დროსაც ფრესკების ჩამოშლა ხდება. (იხილეთ 11 ივლისის განცხადება) „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) კიდევ ერთხელ, უკვე საჯაროდ, მიმართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, სასწრაფოდ მიიღოს შესაბამისი ზომები ტაძარში წყლის ჩადინების აღსაკვეთად. ასევე, მოვუწოდებთ საზოგადოებას, უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-გადარჩენის საქმეში არსებული პრობლემების მიმართ. მოხალისეთა გაერთიანება მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის მონიტორინგს", – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ავრცელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S