ფრიდმანი, პუტინის სხვა ოლიგარქები და მაკრონი: "The Guardian" ამერიკული "Uber"-ის რუსული მაქინაციების შესახებ გამოძიების შედეგებს აქვეყნებს
12/07/2022 06:59:03 მსოფლიო
ამერიკულმა კომპანია "Uber"-მა საიდუმლოდ დაიქირავა ოლიგარქატთან, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის უახლოეს გარემოცვასთან დაკავშირებული რუსი პოლიტიკოსი, რათა რუსულ ბაზარზე პოზიციები გაემყარებინა, - ამ დასკვნამდე მივიდა გამოძიება, რომლის შედეგებს "The Guardian" აქვეყნებს.
გამოძიების ავტორებმა 2013-2017 წ.წ. პერიოდის 124 ათასზე მეტი კონფიდენციალური დოკუმენტი შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ 2015-2016 წლებში "Uber"-ი ცდილობდა, რუსულ ბაზარზე ადგილი იმ გზით დაემკვირდებინა, რომ კრემლთან დაკავშირებულ პირებს კომპანიაში ინვესტირებაზე იყოლიებდა.
განსაკუთრებულ ყურადღებას გამოძიების ავტორები უთმობენ "Uber"-ის შეთანხმებას ვლადიმირ სენინთან – იმხანად გავლენიან ლობისტთან, ამჟამად კი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთან. 2016 წელს "Uber"-მა მასთან ასობით ათასი დოლარის კონტრაქტი გააფორმა მიუხედავად იმისა, რომ ეს, ამერიკელი პროკურორების შეფასებით, კორუფციის შესახებ აშშ-ის კანონს არღვევდა.
"The Guardian"-ის ინფორმაციით, სწორედ სენინთან კონტრაქტები იქცა რუსეთში კომპანიის ეფექტური დამკვიდრების მიზეზად, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა საფრთხეები სახელმწიფო ორგანოების, პროკურატურისა და კონკურენტების მხრიდან.
საგამოძიებო მასალების თანახმად, "Uber"-ი დახმარებისთვის ასევე მიმართავდა ოლიგარქებს რომან აბრამოვიჩს, ალიშერ უსმანოვს, მიხეილ ფრიდმანს, პეტრე ავენიასა და გერმან გრეფს. ყველა მათგანი ამჟამად დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.
მიღებული დოკუმენტაციის თანახმად, 2015-2016 წლებში "Uber"-ი მიზნად ისახავდა, "სტრატეგიულ მოკავშირეებად" ექცია ბიზნეს-მაგნატები, რომელთაც სანაცვლოდ სთავაზობდა კომპანიების აქციებს საფონდო ბირჟაზე მათ განთავსებამდე.
"Uber"-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ პუტინის გარემოცვასთან ყველა კონტაქტი გაწყვიტა.
ირკვევა, რომ ანალოგიურ სტრატეგიას იყენებდა კომპანია სხვა ქვეყნებშიც. მის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოკავშირედ საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ითვლებოდა, რომელიც 2014 წლის აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი გახლდათ.
ფაქტობრივად "Uber"-ი რუსეთიდან 2017 წელს, კომპანია "Яндекс"-თან გაერთიანების შემდეგ გავიდა. წელს "Uber"-მა განაცხადა, რომ ამ ერთობლივ კომპანიაში დარჩენილი წილის გაყიდვას "დააჩქარებს".


