
არასამთავრობოები სამირა ბაირამოვაზე ზეწოლისთვის საჯარო მოხელეთა გათავისუფლებას მოითხოვენ
11/07/2022 10:47:53 საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციები პეტიციას აქვეყნებენ და მოუწოდებენ მარნეულის მერს, დისციპლინური წარმოება დაიწყოს რამდენიმე თანამშრომლის მიმართ "საჯაროდ ჩადენილი და დღემდე მიმდინარე გადაცდომებისთვის" და თანამდებობიდან გაათავისუფლოს ისინი.
11 ივლისს გავრცელებული პეტიციის თანახმად, სამოქალაქო სექტორი ითხოვს, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის მენეჯერი რიმა ოთარაშვილი და მერიის თანამშრომელი ირმა ზარქუა. ასევე, "მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე სოსო ინაძე, რომელიც არღვევდა კანონს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სამირა ბაირამოვას".
"2 ივლისს სამოქალაქო აქტივისტები მარნეულში მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ, როდესაც აქტივისტებს მერიის და საკრებულოს თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. ისინი მათგან ერთ-ერთს, სამირა ბაირამოვას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. პოლიცია დაპირისპირების განმუხტვას ცდილობდა, თუმცა არ ახდენდა სათანადო რეაგირებას თვითმმართველობის თანამშრომლების მოქმედების საპასუხოდ. რიმა ოთარაშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი - ირმა ზარქუა და ასევე, მარნეულის ალტ-ინფოს ოფისის მდივანი, აქციის დროს მომმართავდნენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ აქციის მშვიდობიანად ჩატარებაში. შესაბამისად, კამპანიის მონაწილეები იძულებულნი გახდნენ, ტერიტორია დაეტოვებინათ, რათა არ გამხდარიყვნენ პროვოკაციის მსხვერპლნი. ამ ჩარევის გამო, აღნიშნულ ადგილზე ვერ ჩატარდა სხვა დაგეგმილი ღონისძიება, რაც აზრისა და ინფორმაციის გავრცელების უფლების (საქართველოს კონსტიტუცია, მე-17 მუხლი) შეზღუდვას გულისხმობს", - აღნიშნულია 20–მდე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
თავის მხრივ, მერიის თანამშრომელმა ირმა ზარქუამ სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას პოლიციაში უჩივლა. მისი თქმით, სამირა ბაირამოვა, რომელსაც მარნეულის ბაზარში შემთხვევით შეხვდა, მას ხელით შეეხო.
"შაბათს მარნეულში შემთხვევით შევხვდი სამირა ბაირამოვას, რომელიც ჩემთვის მიუღებელი შინაარსის ფლაერებს არიგებდა. მასთან კამათი მომივიდა და მე ის ხელით შემეხო, ორჯერ ხელი მკრა, რისი დამადასტურებელი ვიდეომასალები არსებობს. ამის შემდეგ ჩემზე სოციალურ ქსელში ხორციელდება ბულინგი, ასევე მომდის შეურაცხმყოფელი მესიჯები. სწორედ ამასთან დაკავშირებით პოლიციაში მივდივარ. ვარ საჯარო მოხელე, მაგრამ ეს საუბარი არასამუშაო დროს იყო და მე კანონს არ ვარღვევდი. ჩემს მიმართ მიმდინარეობს შანტაჟი და ფსიქოლოგიური ზეწოლა“, - განაცხადა ირმა ზარქუამ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.
მარნეული არ იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მოძრაობის "შინ ევროპისკენ" წარმომადგენლებს სხვადასხვა ჯგუფი დაუპირისპირდა, პროევროპული და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, 3 ივლისის აქციის წინ ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის დროს.