Accentnews.ge
"რუსეთის აგრესორ ქვეყნად დასახელებაზე ბევრი სახელმწიფო იკავებს თავს"

"რუსეთის აგრესორ ქვეყნად დასახელებაზე ბევრი სახელმწიფო იკავებს თავს"

11/07/2022 09:20:13 მსოფლიო

ევროკომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ "რუსეთის აგრესორ ქვეყნად დასახელებაზე ბევრი სახელმწიფო იკავებს თავს". ამის შესახებ მან ინდონეზიაში გამართული „დიდი ოცეულის“ შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

"მარტში გაერო-ს გენერალური ასამბლეის კენჭისყრაზე, 140-მა სახელმწიფომ დაგმო რუსეთის აგრესია და „დიდი ოცეულის“ არც ერთი წევრი, გარდა თავად აგრესორისა, ამ რეზოლუციის წინააღმდეგ არ წასულა. „დიდი შვიდეული“ და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნები ერთიანი არიან რუსეთის ქმედებების დაგმობასა და მოსკოვის სანქცირებაში. თუმცა სხვა ქვეყნებს და ჩვენ ვსაუბრობთ „გლობალურ სამხრეთზე“, ხშირად განსხვავებულ თვალსაზრისი აქვთ. პრინციპში, ყველა გმობს თავდასხმას ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, თუმცა, როდესაც საქმე ეხება აგრესორის დასახელებას და მითითებას, თუ ვინ არის პასუხისმგებელი შედეგებზე, ბევრი სახელმწიფო თავს იკავებს სხვადასხვა მიზეზით. ზოგს უფრო მეტად აწუხებს ომის შედეგები საკუთარი თავისთვის, ვიდრე ის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ომზე და თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი; სხვები უჩივიან „ორმაგ სტანდარტებს“ ან უბრალოდ სურთ რუსეთთან კარგი ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნება და ბევრი რჩება გადაუწყვეტელი და არ სურს მხარი დაიჭიროს, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის მათ გეოპოლიტიკურ ინტერესებს", – აცხადებს ბორელი.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S